ჟან პიერ ჟან გალუა (ჯვაროსანი, დიდგორის ბრძოლის მონაწილე)

    „მე გახლდით მოხალისეთაგანი იბერიელთა ომში, რადგან ვიცოდით, რომ რაინდთა ქართველების ქვეყანას იესოს სახელით ეწადა სარკინოზების დამსხვრევა და ჩვენ, როგორც ქრისტეს ჯარისკაცებს, გვსურდა მათთან ერთად ბრძოლა ისლამის დროშის წინააღმდეგ. იბერიაში, რომლის დასავლეთ ნაწილს ეწოდება აფხაზეთი, გემით ჩავედით გენუელ ჯვაროსნებთან ერთად, სადაც დაგვხვდა სიცხე და ნესტი, რომლის სახელიც აღარ მახსოვს, რადგან მეორე დღესვე ვიარეთ აღმოსავლეთით და გადავიარეთ მთა ლიხი. სოფლად გზებზე ხალხი გვაწვდიდა სანოვაგეს სიხარულით და გვლოცავდა მათს მეფესთან ერთად, მაგრამ მახსოვს, რომ უკვირდათ ჩვენი საჭურვლის სიმრავლე და სიმძიმე. ხოლო საკუთრივ იბერიაში, როცა გავივაკეთ, გვჩუქნიდნენ ქალები მოტკბო პურს, რომელსაც თავიანთ ენაზე ეძახდნენ „ნაზუქს“ და ასევე გრძელ საღეჭს, რომელსაც რთული სახელი ჰქონდა და ვეღარ დავიმახსოვრეთ. ტიფლისის მახლობლად დაგვხვდნენ ასევე ჯვაროსნები ბალდუინ მეფისა იერუსალიმითგან ჩვენზე ადრე მოსულები და ბრძოლაც იყო იბერიელების დედაქალაქის ტიფლისის მახლობლად. ხოლო რაც შეეხება წმინდა გიორგის გამოჩენას საკუთრივ ომში, შემიძლია დავადასტურო, რომ ბრძოლის დაწყების წინ სწორედ იქ, სადაც მათი მეფე დავითი იყო ამხედრებული,
გამოჩნდა შუბით შემოსილი მეომარი ქართველთა მეფისაგან მარჯვნივ, რომლის შესახებ ჯერ ჩურჩულებდნენ აღელვებული ქართველები, მერე კი აღტაცებით იძახდნენ — „წმინდა გიორგი ჩვენთან არს!..“
                                          (ფრანგულიდან თარგმნა ნიაზ დიასამიძემ)                       

 
   
     
 

                         ეწიკა ლიქოკელი
                                       (დიდგორის ბრძოლის მონაწილე)
„ფხოველთა ჩონ ხელწიფის წინ დგომა გვეწადის! თუცაღა ფრანკთა შორის ჩაგვაყენეს სპასალარმან ჯუართა გამო ჩონ ტალავერზედა — ფრანკნი მრავალნი ეგონების მტერთაო. ფრანკთა დიაღაც ცოტანი იყვნენ მეომარნი და თურქთა კი უნდა სცოდნიყოთ, რო ევროპიელნი მრავალნი ბრძოდნენ ქართველთა გამო. ამადაც ვერა ვიხილენით ახლოით წმიდა გივარგი, რომელიც მეფეთ მეფესა ჩუენსა დავითსა ხელმარჯვნით სდგა სიმტკიცისა წამქეზებელათ მტერთა ზედა. ხოლო ოდენ გვესმოდის ძახილნი ქართუელთა სპათა, რო წმიდა გივარგი გამოსჩდაო თვითან თეთრსა ცხენზედ ამხედრებულნი შუბითა განგმირავითა და მფარველსა ვადიდებდეთ უფალსა ჩონსაო. ერთი ფრანკთაგანი მხრებზედ შესდგა ჯვაროსანსა ამხანიგსა თვისსა, რომელსა ესრეთა სწყუროდის და ეწადის ხილვაი წმიდისა გივარგისი და ჰყვიროდიან ფრანკთა ენაზე — ეჰა, გივარგიო!..“

 

 
 

 
 

 

ბგვიდო კარდულინი (მისიონერი)
„როგორც მის უავგუსტესობას უკვე რელაციონით ვაუწყეთ, აფხაზთა და ქართველთა მეფის დავითის ლაშქრის ძლევაი სარკინოზთა ზედა ტფილისის მახლობლად, დიდად სასიხარულო იყო მთელის საქრისტიანოსათვის და ფრიადაც გავიხარენით, რამეთუ სულტანი ილღაზი ალეპოსი და სხვა მოჰამედიანთა, ეპირებოდა ნგრევასა წმიდისა ქალაქისა იერუსალიმთა და ასეც მოხდებოდა, რომ არა მტკიცენი იბერიელნი, რომელთა დალეწენ მოჰამედიანნი ველსა დიდგორისასა. გვეუწყა აგრეთვეცა მხიარულობა პაპისა ჩუენისა ამა ძლევისა გამო და აგრეთვეცა გვეუწყა ინტერესი ფრიადი მისისა უავგუსტესობისა, რომელი განაკვირვა ხსენებამ წმიდისა გიორგისი. რელაციონის აღწერილობაშიდ ბრძოლის ველზედ ჩუენ პირველმან მოვიხსენიეთ წმიდა გიორგი, რომელი გამოეცხადა მოლაშქრეთ და მხილველნი ზემორე თქმულისა, არიან მრავალნი ორთავე სპათა შინა. უკეთუ მისი უავგუსტესობა ისურვებდეს წვრილ ამბავთა თხრობასა შესახებ ამისა, ყოველს ცნობას ვაახლებდეთ პაპის კანცლერსა თქუენის მეშვეობითა და ჩუენის მეცადინეობითა...“

(თარგმანის ავტორი უცნობია. ჩვენი ვერსიით, შესაძლოა ქართულად გადმოეღო ეს ტექსტი არქანჯელო ლამბერტის (მოგვიანებით) ან პირიქით — ლათინურის მცოდნე რომელიმე ქართველს).

 
     
 

გიგა ამაშუკელი
                               (საქართველოს მოქალაქე, წარმოშობით ყივჩაღი)

„ჩვენი ყივჩაღი წინაპრები ახალი ჩამოსახლებული ჰყავდა დავით აღმაშენებელს, როცა დიდგორის ომი მოხდა, მაგრამ დავით მეფემ ყველას არ მიაღებინა ბრძოლაში მონაწილეობა — მხოლოდ რჩეული მეომრები გამოიყვანა ბრძოლის ველზე. თქვენ რაც გაინტერესებთ და რასაც მეკითხებით, პაპაჩემისგან ვიცი და პაპაჩემმა კი პაპამისისგან იცოდა გადმოცემით და პაპას იმიტომ ვამბობ და არა ბაბუას, რომ ჩვენი წინაპრები როცა ჩამოასახლეს ყივჩაღეთიდან, ჯერ ქართლში ცხოვრობდნენ და მხოლოდ XIX საუკუნეში გადავიდნენ იმერეთში. იმ დროს (და მერეც) იმერეთიდან ხალხი აქეთ გამორბოდა, მაგრამ პაპაჩემის მამა პირველი ქართველი იყო, ვინც მატარებელზე სამუშაოდ მიიღეს და იმერეთის მონაკვეთზე დანიშნეს რამდენიმე სადგურის უფროსად. თავისი ცოლიც იქ გაიცნო ამაშუკეთიდან ხაშურისკენ მომავალი და პაპაჩემის მამა გზაზე გადაუდგა, უკან მიაბრუნა და იქვე ჩაესიძა.
თბილისისაკენ მერე მათი შვილები მაინც წამოვიდნენ, მაგრამ მე საით წავედი — სულ სხვა ამბავს ვყვებოდი. თქვენც ხომ დიდგორის ამბავი გაინტერესებდათ, ეგ არ მკითხეთ, მართლა იყო თუ არა წმინდა გიორგი ბრძოლის ველზეო და რაც გადმოცემით ვიცი, იმას გეტყვით. ჩვენი წინაპრები სიხარულით კი ჩამოსახლებულან საქართველოში, ნელ-ნელა ქართულის სწავლაც დაუწყიათ, მაგრამ გაქრისტიანებას თურმე არ ჩქარობდნენ და გასაკვირიც არ არის, რომ ქრისტიანობისა მაინცდამაინც არ სჯეროდათ. მაგრამ დიდგორის ველზე ისე გამოეცხადათ თურმე წმინდა გიორგი, რომ მეფეს ომის მერე რომ ლაშქარი სახლებში გაუშვია დროებით, ყივჩაღების დიდი ნაწილი სწორედ მაშინ, სასწრაფოდ გაქრისტიანებულა და ჩემი უშუალო წინაპარიც იმათ შორის ყოფილა. ეს ვიცი გადმოცემით, რომ ბრძოლის წინ ქართველებმა ისე ილოცეს და წმინდა გიორგის დახმარება ისე სთხოვეს, რომ თვითონ წმინდა გიორგი იბრძოდა მათთან ერთადო და ყივჩაღებმაც ირწმუნეს ქრისტიანობაო. სხვა რა გითხრათ, რაც გადმოცემით ვიცი, სულ ეს არის...“

  შავგოგი ალხასტაისძე
   (ქართველი მოისარი, ომის მონაწილე)

„კაცმან ძლიერმან და ერ-მრავალმან ილღაზ ამირამან, როს დაიჭირა სომხითნი და მოსდგა სამძღვარსა ქართლისასა თრიალეთითგან, მეფეთ-მეფემან ჩუენმან დავით ბრძანა გაწურთვა სპათა მეომართა და აგრეთვეცა ყივჩაღთა ნათესავთა, რომელი მომტკიცებულ ჰყვანდა მრავლითა ფიცითა ერთგულობისა. ხოლო რომელი პყრობილ ყო მეფემან მსტოვარი სარკინოზთა ბათუყარ, გასტეხა იგი საიდუმლოსა შესახებ სპათა მომხვდურისა ურიცხვისა სულთა მოჰამედიანთა, რომელნი იწყეს ოხრება და კაცისა ხოცა ყოველგან ქრისტიანეთა. ამადაც განასრულა მეფემან დავით ნათესავნი ყივჩაღნი ცხენებითა და საჭურველითა, რომელთა არა აკლდეს სიმხნე, სისუბუქე და შეტევისა სიფიცხე ბრძოლასა შინა. ხოლო ქართველნი მოისარნი და მბრძოლნი ყოველნი იესოს სახელითა და მამულისა ჩუენისა გამოსახსნელად არა დაგიდევდით მოჰამედიანთა სიმრავლესა ჩუენთა ზედა, რამეთუ არა არს ძალი დათმობისა მიწისა, რომელი იყოს სახლი შენი და ოდეს შევიმოსენით ფიჩვითა საბეროითა და დავკოდენით ამირა მოჰამედიანთა, ლაშქარი მათნი აოტნეს და მრავალნიცა ტყუედ იქმნეს. ხოლო ხილვაი წმიდისა გიორგისი ჩუენთა მოისართა ვერა შემძლენი შევიქენით, რადგანცა პირველნი ვეკვეთენით მოჰამედიანთა სპასალარსა და ვერა ვიხილენით იგი წმიდა გიორგი, რომელი სდგა მეფეთ მეფისა ჩუენისა მარჯვნით — ახლოით დავითისი და შორთა ჩუენსა...“
 

 
 

 
 

    დავით IV აღმაშენებელი – ძე გიორგი II-ისა, საქართველოს უდიდესი ხელმწიფე, 1089-1125 წლებში უბრწყინვალესი მხედარი და მხედართმთავარი, მრავალმხრივი რეფორმატორი და ორგანიზატორი, გამეფდა 1089 წელს, მას შემდეგ რაც პროგრესულ;მა მოღვაწეებმა გიორგი II აიძულეს გადამდგარიყო. საქართველო მან ჩაიბარა კატასტროფულ მდგომარეობაში მყოფი. – თურქ-სელჯუკთაგან სრულიად დაქცეული და ამოწყვეტილი, ფეოდალურად დაქუცმაცებული და დაკნინებული. გამეფებისთანავე დავითმა შემოიკრიბა ქართველი პატრიოტები, შეადგინა საკუთარი ჯარი. გვარდია («მონა-სპა») და დაიწყო ბრძოლა თურქთა გასადევნად, საქართველოს გასათავისუფლებლად და გასაერთიანებლად. პარალელურად დავითი დაუნდობლად ებრძოდა განდგომილ ფეოდალებს და გაიმარჯვა კიდეც მათზე: გაანადგურა გაურჩებული კლდეკარის ერისთავები ლიპარიტ ივანეს ძე და რატი ლიპარიტის ძე, ასევე ძაგან არაგვის ერისთავი. 1099 წელს თურქთა სულთანს ხარკის გადახდა შეუწყვიტა. 1101 წელს აიღო ზედაზნის ციხე. 1103 წელს რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე გაატარა რეფორმა, რომლის ძალით, საეკლესიო თანამდებობიდან გადააყენა უღირსი სამღვდელონი. ამიერიდან სასულიეროთა და საეროთა დაწინაურება ხდებოდა არა წარჩინებულობისა და წოდებრიობის მიხედვით, არამედ მხოლოდ პირადი ღირსებების გათვალისწინებით. დაახლოებით იმავე ჟამს შექმნა დავითმა «სავაზირო» («მთავრობა»), რომელსაც სათავეში ჩაუყენა მწიგნობართუხუცესი გიორგი ჭყონდიდელი (ერისა და იმავე დროს, საერო და სასულიერო ხელისუფალი). 1104 წელს, კახეთ-ჰერეთი შემოიერთა და იმავე წელს ერწუხთან გამართულ ბრძოლაში, გაანადგურა სელჯუკები. 1110 წელს აიღო სამშვილდე და ძერნა, იმავე წელს თრიალეთში მოსპო თურქთა უზარმაზარი მხედრობა, 1115 წელს თურქებს წაართვა რუსთავი. 1116 წელს თურქთა დიდი ბანაკი გაანადგურა ტაოში, 1117 წელს აიღო გიში და ქალაძორი (შირვანში), 1118 წელს თურქები მოსპო რახსის პირას, იმავე წელს აიღო ლორე და აგარანი. 1118-1119 წლებში გაატარა სამხედრო რეფორმა: ჩრდილოეთიდან გადმოასახლა 200000 ყივჩაყი – 40000 ოჯახი; ყოველი ოჯახიდან ერთი მეომარი მუდმივ ჯარისკაცად გაამწესა; ამას გარდა ჰყავდა 5000 მონა-სპა და ქართველთა ლაშქარი, საჭიროების დროს «ქუდზე კაცის» დაძახილით. 1118 წელს დაიმორჩილა ოვსეთი, 1120 წელს გაანადგურა თურქები ბორტიასთან, იმავე წელს შირვანში აიღო: ყაბალა, ლიჟათი, ქურდევანი, ხოლო სამხრეთით გაანადგურა თურქები აშორნიას, სევგელმეჯს. რამდენჯერმე ილაშქრა სომხეთში, სპარსეთსა და სირიაში. 1121 წელს მოსპო თურქთა მხედრობა ხუნანს, ბარდავს და განძას. ამავე 1121 წლის 12 აგვისტოს გადაიხადა ყველაზე დიდი ბრძოლა – დიდგორის ომი, სადაც 56000 მეომრით სრულიად გაანადგურა მაჰმადიანთა კოალიციური 400000-ანი ურდო. ამ ბრძოლის შემდეგ საქართველო ყველამ აღიარა როგორც წინა აზიაში უძლიერესი სახელმწიფო. მომდევნო 1122 წელს გაათავისუფლა ტფილისი და სამეფო ტახტიც აქვე გადმოიტანა ქუთათისიდან. 1123 წელს აიღო დმანისი, შირვანში – გულისტანი, შაბურანი, ღასანნი, ხოზაონდტი და დარუბანდი, სომხეთში: გაგნი, ტერონაკალი, ქავაზინნი, ნორბედი, მანასგომნი, ტალინჯაქარი. იმავე წელს, თურქები გაანადგურა ჯავახეთს, კოლას, კარნიფორმას, ბასიანსა და სპერს; მას უკან, შემოიმტკიცა ანისი, ვანანდი, არარატი, ხაბანდა, არცახი, 1124 წელს ხელახლა დაიმორჩილა შირვანი – შემახია, ბირიტი, დარუბანდი. ამგვარად, დავით აღმაშენებელმა თავისი სკიპტრის ქვეშ მოაქცია და გააერთიანა კავკასიის ხალხები და შექმნა მძლავრი «კავკასიური იმპერია», რომელშიც გაშლილი იყო «ნიკოფსიიდან (ტუაპსე) დარუბანდამდე (დერბენდი) და ოვსეთიდან არეგაწამდე (სამხრეთ სომხეთი)». მის სახელმწიფოში ყველა ერი ცხოვრობდა სრული თანასწორობით, თანადგომითა და თანაძმობით, განურჩევლად მათი ტომობრივი წარმომავლობისა და რელიგიური აღმსარებლობისა. დავითი იყო დაუცხრომელი კულტურული აღმშენებლობის მოთავე თავად დიდი მწიგნობარი, მუდამ ზრუნავდა განათლებული საზოგადოების აღზრდისათვის, ახალგაზდრობას აგზავნიდა უცხოეთის კულტურულ ცენტრებში სასწავლებლად. თვითონ საქართველოში დიდი კულტურული სავანეები ააშენა. 1106 წელს დაიწყო სახელოვანი გელათის მშენებლობა. აქ დააარსა ცნობილი «გელათის აკადემია», სადაც სამოღვაწეოდ ჩამოიყვანა საზღვარგარეთ სახელგანთქმული ქართველი მეცნიერები, მწერლები, ფილოსოფოსები, მათგან – იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი. აადემიები დააარსა აგრეთვე იყალთოში, გრემში, მღვიმევში. დავითს სიჭაბუკეში ცოლად შერთეს სომეხი ქალი, შეეძინა უფლისწული დემეტრე (შემდგომ დემეტრე I). პირველი ცოლის შესახებ სხვა არაფერია ცნობილი. მეორე ცოლად მოიყვანა გურანდუხტი, ყივჩაყთა მთავრის, ათრაქა შარაღანის ძის ასული, რომლისგანაც შეეძინა კიდევ ერთი ძე – ვახტანგი (ცუატა), და ასულნი – თამარი, კატა და თამარ მრწემი. თამარ უფროსი ცოლად ჰყავდა შირვანის შაჰს, მანუჩარ II-ს, კატა – ბიზანტიის კეისარ იოანე კომნენოსის უმცროს ძმას, ალექსის, ხოლო თამარ მრწემი – ოვსეთის მეფეს (დემეტრე I-ის დროს მისთხოვდა). ვახტანგი, დავითის საგანგებო ანდერძით, დემეტრეს უნდა აღეზარდა და თავის შემდგომ სამეფო მისთვის დაეტოვებინა. დემეტრე ამ ანდერძს არ შეასრულებს... დავითი იყო «შუენიერ ხატითა, უშუენიერეს მორთულობითა გუამისათა, შეწყობილ ანაგებითა და ახოვან ტანითა, ძლიერ ძალითა, უძლიერეს სიმახვილითა, საწადელ ღიმილითა, უსაწადლეს მჭმუნვარებითა, მადლიერ ხედვითა, საზარელ ლომებრ მკრთომელობითა». გარდაიცვალა 1125 წლის 26 იანვარს. გამეფდა 16 წლისა, იმეფა 36 წელიწადს, აღესრულა 53 წლისა. დაკრძალეს მისგანვე აგებულ გელათს, ამიერიდან ერთიანი საქართველოს მეფეთა სამარხ-სამარტვილეში. ისტორიაში დამკვიდრდა ხალხისგან შერქმეული უბრწყინვალესი ზედსახელით – «აღმაშენებელი» და ტიტულატურით – «მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შარვანშაჰ და შაჰინშაჰ და ყოვლის აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობით მპყრობელთა». მისი სახელი შერჩა ქართულ ხმალს («დავითფერული») და ქართულ დროშას («დავითიანი»). დავით აღმაშენებელს ეკუთვნის მშვენიერი პოეტური ქმნილება - «გალობანი სინანულისანი».
 

 
 

 

 
 

ბრძოლა თბილისისათვის - ხაზარების შემოსევა. მხატვარი: ვ.ერისთავი

 

 
 

 
     
 

 
 
 
 
 


 

 
 

 

 

იბერიის (ქართლის) სამეფო
 

ერ კიდევ ძვ.წ.VII-VI საუკუნეებიდან ქართლ-კახეთის ტერიტორიაზე ყალიბდება ტომთა გაერთიანებები. ხოლო უკვე IV საუკუნისთვის მცხეთაში ზის ქართლის მამასახლისი. ძვ.წ. 329 წელს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე იბერიის სამეფო ჩამოყალიბდა, მისი დამაარსებელი იყო ფარსმანი  (გვიანდელ წყაროებში ფარნავაზის სახელით ცნობილი). ფარნავაზმა თავისი მეფობის პერიოდში მთელი საქართველო გააერთიანა. იგი ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელია:

 

ფარნავაზიანთა დინასტია:

 

ფარნავაზი (ფარსმანი)

საურმაგI

მირდატ I ნებროთიანი

ფარნაჯომი

329-264

264-230

230-185

185-170

 

არტაშესიანთა დინასტია:

არშაკ I

არტაგ I

ბარტომ I

მირდატ II

არშაკ II

არტაგ II

170-145

145-143

143-125

125-110

110-95

95-60

 

  ძვ.წ. დაახლ. 60 წლისთვის იბერიის სამეფო ორად გაიყო, არმაზის სამეფოდ (მტკვრის სამხრეთით) და მცხეთის სამეფოდ (მტკვრის ჩრდილოეთით):

არმაზის სამეფო (ატრაშესიანთა დინასტია):

ქართამ I

კაოსი

ქართამ II არმაზელი

არტაგ III

60-30

3</font></b></span><font face="Arial" style="font-size: 11pt"><b><span lang="ka">0-2</span></b></font><span lang="ka"><b><font face="Arial" style="font-size: 11pt">0

ძვ.წ.20-ა.წ.5

5-25

 

მცხეთის სამეფო (არშაკიანთა დინასტია):

ბარტომ II

ფარსმან I

არშაკ III

მირდატ III

60-40

40-2</span></b></font><span lang="ka"><b><font face="Arial" style="font-size: 11pt">5

ძვ.წ.25-ა.წ.5

5-25

  

ა.წ.25 წლისთვის იბერია კვლავ გააერთიანა მირდატ III-მ. ერთიანი იბერიის მეფეები - კვლავ არშაკიანები:

მირდატ III

ფარსმან II

მირდატ IV ფლავიუს დადე

მირდატ V

ფარსმან III  ქველი

ქსეფარნუგი

ფარსმან IV

ამაზასპი

25-35

35-68

68-76

76-120

120-170

170-200

200-230

230-265

 

სასანიანთა დინასტია:

რევ მართალი (ჰორმიზდაკი)

მირიანი წმ.

ბაკურ I

მირდატ VI

ასფაგური (ვარაზ-ბაკური)

265-285

285-335

335-355

355-364

364-368

  

 368 წელს იბერია ორად გაიყო ირანის და რომის ხელქვეით მხარეებად.

რომს დარჩა კლარჯეთი ჯავახეთი და ქვემო ქართლის ნაწილი. იქ მეფობდნენ:

საურმაგ II

ბუზმირ I

ბუზმირ II

368-380

380-406

406-430

  

 ხოლო ირანის ხელქვეით ნაწილში (მცხეთა და ძირითადი იბერია) მეფობდნენ:

ასფაგური (ვარაზ-ბაკური)

ბაკურ II

ფარსმან V

მირდატ VII

არჩილი

368-3</span></font><span style="font-weight: 700" lang="ka"><font face="Arial" style="font-size: 11pt">85

385-396

396-412

412-429

429-434

  

დაახლოებით 430-440 წლებისთვის მცხეთელმა მეფეებმა კვლავ გააერთიანეს იბერია.

მირდატ VIII

ვახტანგ I გორგასალი

დაჩი უჯარმელი

ბაკურ III

ფარსმან VI

გურგენი

ძამანარსე

ფარსმან VII

434-449

449-494

494-5</span></font><span style="font-weight: 700" lang="ka"><font face="Arial" style="font-size: 11pt">06

506-512

512-519

519-523

523-535

535-537

 

    ძვ.წ. III საუკუნის ბოლოს იბერიამ დაკარგა კონტროლი დასავლეთ საქართველოზე, ძვ.წ. 170 წლისთვის იბერია სომხეთის სამეფოს გავლენის ქვეშ მოექცა - გამეფდა სომხეთის მეფის არტაშეს I</span><span style="font-size: 11pt" lang="ka">-ის ძე არშაკი (არტაშესიანთა დინასტია) სომხეთზე დამოკიდებულება არტაგ II-ის ხანამდე გაგრძელდა. ძვ.წ. 65 წლიდან იბერია რომის ''მოკავშირე და მეგობარი'' ხდება. მალე ძველი ფარნავაზიანთა დინასტიის შთამომავალმა ბარტომმა დაიბრუნა მცხეთის ტახტი თუმცა მთელ იბერიას ვერ დაეპატრონა (იბერიის გაყოფა მცხეთის და არმაზის სამეფოებად). იბერიის სამეფოს ხელახალი გაძლიერება იწყება მირდატ III-ის დროიდან, მან გააერთიანა ქვეყანა, ხოლო მისი შვილი ფარსმან II სომხეთშიც გაბატონდა. სომხეთის იბერიელი მმართვე-ლები არიან:

 

მირდატი      (ფარსმან II-ის ძმა)     36-51

რადამისტი  (ფარსმან II-ის ძე)       51-54, 56-59

 

   შემდეგ იბერია კიდევ უფრო ძლიერდება, ფარსმან ქველი შიშის ზარს სცემდა მთელს წინა აზიას, მან ირანის დედაქალაქი კტესიფონიც კი აიღო. III საუკუნის შუა ხნებიდან იბერია სასანიდური ირანის გავლენის ქვეშ ექცევა. 265 წელს ირანის შაჰმა შაბურ I</span><span style="font-size: 11pt" lang="ka">-მა არშაკიანთა დინასტია დაამხო და მცხეთის ტახტზე თავისი შვილიშვილი რევ მართალი დასვა. აქედან იწყება სასანიანთა დინასტია. 298 წელს იბერია კვლავ ჩამოშორდა სპარსეთს და რომის იმპერიის მფარველობაში შევიდა. მირიან მეფის დროს 318 წელს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად ცხადდება. 368-429 წლებში იბერიიდან დროებით ისევ გამოეყო ქვემო ქართლის ნაწილი კლარჯეთი და ჯავახეთი. ვხატანგ I გორგასალმა 458 წელს დააარსა ქალაქი თბილისი, რომელიც 502 წელს იბერიის დედაქალაქი ხდება. V საუკუნიდან კვლავ შეიმჩნევა სპარსეთის მომძლავრება, 523 წლიდან იბერია მისი მოხარკე ხდება. ხოლო 537 წელს ირანის შაჰმა ხოსრო I</span><span style="font-size: 11pt" lang="ka">-მა საბოლოოდ გააუქმა მეფობა და იბერია ირანის პროვინციად აქცია.

 

http://www.istoria.ge/

       

 
 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

გრიგოლი ფერაძე

მრავალფეროვნება სახელებისა, რომლებითაც პილიგრიმები იცნობდნენ საქართველოსა და ქართველებს


 

პალესტინის ქართული მონასტრების სწორი იდენტიფიკაციისათვის უდიდეს სირთულეს ქმნის ის, რომ პილიგრიმები ქართველებსა და მათ ქვეყანას მრავალ სხვადასხვა სახელს უწოდებდნენ. მიზეზი ალბათ ეს გახლავთ: საქართველო შორს იყო პალესტინიდან და პილიგრიმებს, რომლებიც მას მხოლოდ ყურმოკვრით იცნობდნენ, უძნელდებოდათ მრავალგვარი ქართული ტომობრივი სახელის განსხვავება. ამიტომ ადვილი არ არის, თავიდან ავიცილოთ გაუგებრობანი პალესტინის ქართველ ბერთა კოლონიების კვლევის დროს (*1).

ქართველები იერუსალიმში არ ცდილობდნენ, ყოველი უცხოელისათვის თავიანთი ქვეყნის ისტორია და კულტურა გაეცნოთ (*2), როგორც, მაგალითად, სომხები იქცეოდნენ. უფრო მეტიც, უნდა გვახსოვდეს, რომ პილიგრიმული ლიტერატურის ავტორები, მცირე გამონაკლისის გარდა, საკმაოდ გაუნათლებელი და უმეტეს წილად ძალზე თავგამოდებული კათოლიკეები იყვნენ. ასეთ ადამიანებს ქართველები ყველაზე ცუდი მწვალებლებლად მიაჩნდათ და ყოველთვის იმეორებდნენ მხოლოდ იმას, რასაც ფრანცისკელები (*3) უყვებოდნენ (*4).

როგორც წინა ნაწყვეტებიდან ჩანს, პილიგრიმები საქართველოსა და ქართველებს სხვადასხვა სახელს უწოდებდნენ. ეს სახელებია:
Iberians, Lazes, Gogarenes, Jorjans, Cursy, Avignia (
*5),
ქალთა ქვეყანა (Land of Feminic) (
*6),
Jorsy, Jorsites, Georgittes, Georgiani, Jorgani, Gorgi, ჯორიანისანი ("of the Jorian") (
*7),
Kurgy, Corsy, იოანეს ქვეყნის ქრისტიანები (
*8),
სარტყლის ქრისტიანები ("the Christians of the Cincture")(
*9),
Corsses, Kerches, Kirchens, Gorgotas (
*10),
Gorziani, Jordiani (
*11),
გრიგორიანები (
*12), გრუზინი (რუსულად).

ზოგჯერ ერთი და იგივე ავტორი ქართველებს სხვადასხვა სახელს უწოდებს. ესენია: Jorschites ან   Georgittes; Jorsies ან Georgyttes; Jorsies ან სპარსეთის Jorsites (*13); "გეორგიანები, რომელთაც აგრეთთვე ეძახიან ნუბიელებს და რომლებიც უმეტესად ცნობილნი არიან, როგორც სარტყლის ქრისტიანები... გრიგორიანები" (ქართველები); Georgyts ან Jorsies, Jheoriani (*14); Gorziani (eo vero Iveri) ან Georgiani; Zorgiani (*15); Iberians ან Georgians; Jorsies ან Georgittes; გურულები (*16);   

 


პილიგრიმები სახელწოდება "Georgia"-ს შესახებ

ბუნებრივია, პილიგრიმთა ყველა განცხადებას საქართველოსთან დაკავშირებით შეუძლებელია გულისყურიანი გამოკვლევისა და კრიტიკის გარეშე დავეთანხმოთ, მაგრამ ჩანაწერებს, რომლებიც შემოწმდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული კულტურის ისტორიისათვის. პილიგრიმები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, უპირველეს ყოვლისა, სიტყვა "Georgia"-ს ეტიმოლოგიას. ზოგი მათგანი ქვეყნის სახელწოდებას წმ. გიორგის, ქართველთა მფარველ წმინდანს უკავშირებს.
" ეს ხალხი ყველა წმინდანზე მეტ პატივს წმ. გიორგის მიაგებს. ის გამოსახულია ყველა მათ დროშაზე და განსაკუთრებული მოწიწებით ეთაყვანებიან" (
*17).  სხვები ამბობენ, Georgian-ები (ქართველები) წმინდა გიორგიმ მოაქცია და ამიტომ ჰქვიათ მისი სახელიო (*18). ეს წმინდანი, შესაძლებელია, წარმოშობით ქართველია (*19). მათ ეწოდებათ Georgian-ები იმიტომ რომ, "რაინდ გეორგიუსის" (*20), ანდა უფრო რომელიღაც მწვალებელ გიორგის (*21) რწმენის მიმდევრები არიანო. ფრანც ფერდინანდ ტროილოელი  (1717 წ.) ყურადღებით იკვლევს ამ ეტიმოლოგიურ საკითხს. მან აღმოაჩინა რომ, ქვეყანას Georgia უკვე წმ. გიორგის დაბადებამდე ეწოდებოდა და სიტყვა "Georgia"-ს უკავშირებს ბერძნულ "
g ewrgos - გეორიოს"-ს, რაც ნიშნავს "მიწისმოქმედს" (*22).  


 

შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი :

#1. - ქართველებს ურევენ სირიელებში. აი მაგალითად რას წერს უილიამ მამაცი 1461 წ.: "მიწის ნაპრალთან, სადაც ჯვარი იპოვეს, დგას საკურთხეველი, რომელსაც სირიელები ფლობენ. მათ აგრეთვე აქვთ სამლოცველო გოლგოთას მთის ძირში. ბერძენთა მსგავსად შეცდომით წირავენ. როგორც თავად ამბობენ, ისინი მოაქცია წმინდა გიორგიმ". აქ რომ სირიელები ქართველების ნაცვლად იხსენებიან, ამას ადასტურებს შემდეგი გარემოება: იმავე  (1461) წელს როშეშუარის თანახმად ჯვრის აღმოჩენის სამლოცველო ქართველებს ეკუთვნოდა. კიდევ უფრო აბსურდულია იაკობ ბერნელის (1346-47 წ.) ცნობა. იაკობ ბერნელი ერთმანეთში ურევს ქართველებს, ნუბიელებს, წმ. თომას ქრისტიანებსა და იოანეს ქვეყნის ქრისტიანებს. "იოანეს ქვეყნის წმ. თომას ქრისტიანები მთელი დღე გალობენ და წირვის დროს 100-ჯერ და მეტად იმეორებენ ალილუიას. მათ მინიჭებული აქვთ დიდი თავისუფლება, შეუძლიათ ყოველთვის ატარონ ხელით ჯვარი, და არ მოეთხოვებათ გადაიხადონ გადასახადი წმინდა საფლავში შესვლისას. ამის მიზეზი ისაა, რომ თუკი მოისურვებენ, თავიანთ ქვეყანაში - ნუბიაში ნილოსის წყალი დააგუბონ; მთელი ეგვიპტე გაუდაბურდება. ნუბიელებმა იციან სამი სხვადასხვა სახის ნათლობა: წინადაცვეთა, ნათლობა ცეცხლით, როცა შუბლზე ჯვარი დაიდაღება და ნათლობა წყლით. ტანისამოსი, რომელიც ქართველებს (Georgittes) აცვიათ, სირიელთა ტანისამოსის მსგავსია, ოღონდ სირიელებს თეთრი თავსაბურავი ახურავთ, ქართველებს კი - შავი." Deutsche Pilgerreisen nach dem hl. Lande. Hrsg. von. Rh. Rohricht und Heinrich Meissner, Berlin, 1881, AA. 52.
წმინდა მიწაზე წმ. თომას ქრისტიანების პრივილეგიებით სარგებლობენ ქართველები; ეს არის ეპოქა იერუსალიმში ქართველთა გამგებლობისა. შდრ. ლუდოლფ ზუდჰაიმი, ზემოთ, გვ. 37: "ჯვაროსანთა შემდეგ მეორე ადგილი პალესტინაში სირიელებს ეკავათ" (Tobler, Golgotha, გვ. 291). სირიელებში, ალბათ, იგულისხმებიან ქართველები: "წმინდა იაკობის მონასტერი ეკუთვნის იაკობიტებს" (PPTS, VI, თავი X). ვინ არიან ეს აიკობიტები? ჩემი აზრით იაკობიტებში ქართველები იგულისხმებიან. შდრ. აგრეთვე PPTS, V, 1891-1172 წ. ცნობა. სახელწოდება იბერიელი რომ არასწორად იხმარეს "ესპანელის" მნიშვნელიბით, ტობლერმაც აღნიშნა (Topographie, I, გვ. 360-361,  #1); რაკი ქართველები ბერძნების მსგავსად მართლმადიდებლები იყვნენ, ბევრი კმაყოფილდებოდა იმის აღნიშვნით, რომ ისინი "მიეკუთვნებოდნენ მართლმადიდებელ ქრისტიანებს" (იხ. ზემოთ, გვ. 50, შენ.109).
ლუდოლფ ზუდჰაიმი (PPTS, LXII, გვ.103) 1350 წ. ისე აღწერს ნუბიელებს, როგორც გოლგოთის ძირში მდებარე სამლოცველოს მფლობელებს. შესაძლოა, აქ ქართველებთან დაკავშირებული იგივე შეცდომა მეორდება (იხ.ქვემოთ, ამ სამლოცველოს ისტორია, გვ. 95).    
#2. - სამწუხაროდ, არც ეხლა ექცევა დიდი ყურადღება ამ საქმეს (- შენიშვნა ბ.სისაურისა)
#3. - ფრანცისკელები - კათოლიკური რელიგიური ორდენის წევრები (- ბ. სისაური)
#4. - ერთი პილიგრიმის მიხედვით ქართველებს ბერძნებისა და სომხების მსგავსი რწმენა აქვთ (1653-1656 წწ.). Palestinafahrt des Ignatio von Rheinfelden, Wurzberg, გვ. 151. ჰერცოგი ფრიდრიხ II (1507 წ.) ჯვრის მონასტრის ქართველ ბერებს წმ. პავლეს რწმენის მიმდევრებად მიიჩნევს.
#5.  - ერნული, 1231 წ. გვ. 47: "La terre dont ils sont (des Jorians) a nom Avegie" 1261 წ. დოკუმენტში საქართველოს ეწოდება "Avegnia, terra Georgianum", იქვე. გვ.95, 158.
#6.  - "ამბობდნენ, რომ ისინი (ქართველები) მოვიდნენ ქალთა ქვეყნიდან, სადაც ამორძალები ამხედრებულნი მიდიან ომში"; 1187 წ.- La Citez de Iherussalem, გვ.217; Conder, Latin Kingdom, გვ. 222.
#7.  - 1187 წ. La Citez de Iherussalem,  გვ.216. იხ. ზემოთ, შენ.
*5.
#8.  - იხ. ზემოთ, გვ.143, შენ.79. შდრ. აგრეთვე ზ. ავალიშვილი, გვ.150-1
#9.  - ლათინელები ქართველებს უწოდებდნენ "სარტყლის ქრისტიანებს". Conder. დასახ. ნაშრ. გვ.222' "სხვა სახელით მათ (ქართველებს) უწოდებდნენ "სარტყლის ქრისტიანებს". ეს იმიტომ, რომ წმ. გიორგიმ თავისი სარტყლით შეჰკრა ვეშაპი და მისცა ქალწულს". 1422 წ. Canissius, დასახ.ნაშრ. გვ.269
#10.  - "Di  sotto a monte Calvario trovarete Gorgotas" - Viaggi in Terra Santa, Napoli (Fibreno), 1862, გამოცემულია #396 ხელნაწერის მიხედვით, რომელიც დაცულია ბოლონიაში - della biblioteca de Canonici Regolari di S. Salvatore (სამწუხაროდ, არც ავტორი და არც პილიგრიმობის დრო მოხსენებული არ არის), გვ.7.
#11.  -XIV ს. 50-იანი წლებიდან - 60 წლებამდე L. Conrady. Vier Rheinsche Palestina-Pilgerschriften des XIV. XV und XVI Jahrhundert, Wiesbaden, 1882, გვ.45.
#12.  - XV საუკუნე. Claes von Dusen, Conrady, იხ. გვ.209.
#13.  - ზებალდტ რიტერი, 1464 წ. იოჰან შილტერბერგერი ქართველებს უწოდებს: Gurscy, Kurtzy, Gursy, Gorsites, Gorgetes - იხ. Johannes Schilterberger. Reisen in Europa, Asien und Afrika, in des Jahren 1394-1427. Hrsg. von. Cari Fried, Neumann, Munchen, 1859.
#14.  - იხ. ზემოთ, გვ.60, შენ. 150
#15.  - XV საუკუნე, ფრანჩესკო სურიანო
#16.  - იხ. გვ. 49, შენ.101; როგორც მითხრეს, განსვენებული პლატონ იოსელიანი (ცნობილი ქართველი ისტორიკოსი) თავის ნაშრომში "razlichnie naimenovania Gruzinov" (S.P.B.1844 - რუსულ ენაზე) ეხება სხვადასხვა სახელწოდებას, რომელთაც უცხოელები უწოდებდნენ ქართველებსა და საქართველოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ნაშრომი ჩემთვის მხოლოდ სათაურით არის ცნობილი.
#17.  - Jacques de Vitry. "ამ ხალხს Georgian-ებს უწოდებენ, რადგანაც ისინი განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობიან და ეთაყვანებიან წმ. გიორგის, ვისაც თავიანთ მფარველად და მედროშედ თვლიან ურწმუნოთა წინააღმდეგ ბრძოლაში და პატივს სცემენ ყველა წმინდანზე მეტად". იხ.ზემოთ, გვ.30
#18.  - უილიამ მამაცი, 1461 წ.: "ქართველები, როგორც ამბობენ, მოაქცია წმ. გიორგიმ".
#19.  - მ. ბაუმგარტენი, 1507 წ.: "Georgian-ები აღმოსავლეთის ხალხია, ძალზე მედგარი და მეომარი ერი. სახელი ქართველთა წმინდანის მიხედვით ჰქვიათ, რომელსაც თავიანთ მფარველად და შემწედ არიარებენ და რომელსაც ყველაზე მეტად სცემენ თაყვანს". წინადადება "ქართველთა წმინდანის მიხედვით" ნიშნავს იმას რომ წმ. გიორგი დაიბადა საქართველოში ან იყო ქართველი.
#20.  - Ignatio von Rheinfelden, Wurzberg, 1667, გვ.151. მოგზაურობის თარიღია 1653-1656 წლები.
#21.  - ლუი დე როშეშუარი, 1461 წ. გვ.. 255-256.
#22.  - ფრანც ფერდინანდ ტროილოელის ცნობა განსაკუთრებით საინტერესოა და აქ მთლიანად მოგვყავს: "ბევრი ამბობს, თითქოს Georgian-ებმა თავიანთი სახელი მამაცი გმირის, გიორგის გამო მიიღეს.მათი თვალსაზრისი ემყარება იმას, რომ Georgian-ები დიდ თაყვანს სცემენ წმ. გიორგის და ერთგულნი არიან მისი, ყოველ დროშაზე აქვთ მისი გამოსახულება, ნიშნად იმისა, რომ ისინი ქრისტიანულ რწმენაზე მოაქცია მან და მხოლოდ მან. სინამდვილეში Georgian-ებს ამ სახელს უეჭველად ეძახდნენ მანამდე, ვიდრე წმ. გიორგი დაიბადებოდა, ვინაიდან მელა, რომელიც იმპერატორ კლავდიუსის დროს ცხოვრობდა, იხსენებს მათ თავის პირველ წიგნში, სადაც ამ ხალხის ქვეყანას აღწერს. სხვებს სჯერათ, რომ Georgian-ებს მიწათმოქმედების სიყვარულის გამო უწოდებენ. მანამდე ესპანელები მათ იბერებს ეძახდნენ, რადგანაც ისინი მდინარე იბერის ნაპირებზე ცხოვრობდნენ. მოგვიანებით ისინი მცირე აზიაში წავიდნენ და ქვეყანას, სადაც დასახლდნენ, იბერია უწოდეს. სხვები, აგრეთვე ალბანელებს უწოდებენ, არა საბერძნეთის პროვინცია ალბანეთის, არამედ აღმოსავლეთის ალბანეთის მიხედვით, რომელსაც ამჟამად "Georgia" (საქართველო) ეწოდება" (Francis Ferdinand von Troilo, დასახ. ნაშრ. გვ. 188-189) {პომპონიუს მელასთან, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ ნახევარში ცხოვრობდა, ტერმინი Georgian-ი არ გვხვდება და, საერთოდ ამ ტერმინის ეტიმოლოგია, რომელსაც ფრანც ფერდინანდ ტროილოელი გვთავაზობს, მიუღებელი ჩანს - იხ. გ.გელაშვილი, მ.მგალობლიშვილი, გ.პაიჭაძე. საქართველოს და ქართველების აღმნიშვნელი ტერმინები ევროპულ ენებში - საქართველოს და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია, თბ.1993, გვ.294-309; 303-4 - შენიშვნა გოჩა ჯაფარიძისა}

 


The author:
Archimandrite Gregory Feradze (1899-1942), a well-known Georgian researcher, Doctor of Philosophy of Bonn University, Professor of Petrology of the University of Warsaw, Rector of the St. Nino Georgian Church in Paris, is the author of many notable studies on problems of the history of Old Georgian literature. He is credited with significant scholarly discoveries, including that of the Georgian manuscripts (MS) of the Typicon of the Petritsoni Monastery in the Public Library of Sofia, and of the so-called Tischendorf MS of the Agapae of the Monastery of the Cross, at the University Library in Leipzig University. In the final years of his life, Peradze worked at Warsaw University (Poland). Arrested for anti-nazi activity, he perished in the Oswiecim concentration camp.
Peradze's extensive study "An Account of the Georgian Monks and Monasteries in Palestine", published in 1937 in the magazine "Georgica" - A Journal of Georgian and Caucasian Studies" (vols.4 and 5, pp.181-246), holds a special place in his scholarly legacy. It is based on the notes on the Georgian monasteries in Palestine, made by European pilgrims and travelers who visited the Holy Land in 5th-19th centuries. In these records Peradze brought to light information about the early activity of the Georgians in Palestine, discussion on its basis the state of Georgian churches and monasteries and of the Georgians in the Holy Land till the 10th century, during the Latin domination, and in the 12th-19th centuries. He studied the history of individual Georgian monasteries. No researcher interested in the activities of Georgians in Palestine can bypass this study.


ნაშრომი მოცემულია წიგნის სერიიდან "ქართული ეკლესიის ისტორია - მასალები და გამოკვლევები; ტომი 4";
ავტორი:
გრიგოლ ფერაძე - "უცხოელ პილიგრიმთა ცნობები პალესტინის ქართველი ბერებისა და ქართული მონასტრების შესახებ", (ნაწილი მეორე - "საქართველოსა და პალესტინაში ქართველ ბერებთან დაკავშირებული ფაქტების გამოსავლენად ჩატარებული პილიგრიმული ლიტერატურის კვლევის შედეგები").
წიგნის შესავალი წერილი და დამატებითი შენიშვნები დაურთო გოჩა ჯაფარიძემ
©.
ნაშრომის ელექტრონული მასალა და დიზაინი მომზადებულია
ბესიკ სისაურის
მიერ.

The essay "Etymology of the word "Georgia" - presented from the book by Grigor Feradze "An account of the Georgian monks and monasteries in Palestine as revealed in the writings of non-Georgian pilgrims."
To read this material in Georgian you need to download Georgian language supported font
Sylfaen.
The material brought to you by
Besiki Sisauri (M.Div).

Comments: by Gocha Djafaridze

http://www.georgianweb.com

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


იბერიულ-კავკასიურ ხალხთა მითები

ვიკიპედიიდან

იბერიულ-კავკასიურ ხალხთა მითოლოგია ჩრდილოეთ კავკასიაში და ამიერკავკასიის ნაწილში მცხოვრებ იმ ხალხთა მითოლოგიური წარმოდგენების ერთობლიობას წარმოადგენს, რომლებიც საუბრობენ კავკასიური ენების ოჯახში შემავალ ენებზე. ამ ხალხთა ჯგუფს განეკუთვნებიან: ქართველები, ადიღები (ყაბარდოელები, ადიღები, ჩერქეზები), აფხაზები, აბაზები, ჩეჩნები და ინგუშები (ვაინახები), დაღესტნელები (ავარელები, ლეკები, დარგუელები, ლაკები, ლეზგები და სხვ.) და სხვ.

 

 

წარმოშობის ისტორია

ეს მითოლოგიური სისტემები წარმოიშვა უხსოვარ წარსულში იბერიულ-კავკასიურ ხალხთა წინაპარ ტომებს შორის. განვითარების პროცესში ეს სისტემები სხვადასხვა ზეგავლენას განიცდიდა. განსაკუთრებით დიდი ზეგავლენა მათზე ქრისტიანობამ და ისლამმა იქონია. კავკასიურ-იბერიული მითების ცალკეული ციკლები თითქმის არ შემონახულა, რადგან დიდ ეპოსებს (მაგ. ქართული ეპოსი ამირანის შესახებ, კავკასიური ნართების ეპოსი) შეერწყა თითქმის ყველა მითოლოგიური სიუჟეტი და მოტივი. მრავალი წარმოდგენის და სიუჟეტის აღდგენა ხდება ენობრივი მონაცემებში და სიმღერებში, ცეკვებში, ზეპირ გადმოცემებსა და რიტუალებში გაბნეული მოტივების მიხედვით. ეს მოტივები, რომლებიც კარგავდნენ პირვანდელ კონტექსტს, ზოგჯერ ერწყმოდნენ გვიანდელ რელიგიურ სისტემებს და ქრისტიანული და მუსულმანური კულტის ელემენტებად იქცეოდნენ.

კავკასიურ-იბერიული მითოლოგიის უძველეს პლასტებზე წარმოდგენას იძლევა არქეოლოგია. ენეოლითისა და ადრეული ბრინჯაოს ხანიდან ჩვენამდე მოაღწია საყოფაცხოვრებო და საკულტო დანიშნულების საგნების ფრაგმენტებმა, რომლებზეც გამოსახულია ასტრალური ნიშნები, ჯვრები, ოთხკუთხედები, ადამიანთა და ცხოველთა ფიგურები. სხვადასხვა ტიპის სამარხების არსებობა გვაფიქრებინებს უკვე ამ ეპოქაში სიკვდილისშემდგომი სამყაროს შესახებ კომპლექსური წარმოდგენების არსებობაზე. კავკასიელ ხალხთა კოსმოგონიური წარმოდგენების მიხედვით, ხმელეთს მრგვალი ფორმა ჰქონდა და გარშემორტყმული იყო ზღვით ან მთებით. სამყაროს კიდეზე იდგა ცხოვრების ხე, რომელიც ვერტიკალურად აერთებდა ცას, დედამიწასა და მიწისქწვეშა სამყაროს. ჩეჩნების და ინგუშების წარმოდგენების თანახმად, მიწისქვეშა სამყარო ვერტიკალურად შვიდ სხვა სამყაროდ იყოფოდა, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული იყო თითოეული სამყაროს კიდეზე არსებული სოროებითა თუ საიდუმლო გამოქვაბულებით (მოგვიანებით ჩეჩნებსა და ინგუშებში წარმოიშვა ერთიანი მიწისქვეშა სამყაროს გაგება).

კოსმოგონიური წარმოდგენების შემდგომ განვითარებაზე თვალის გადევნება კარგად შეიძლება ენობრივი მონაცემების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც სამყარო გადამკვეთ კოორდინატებზე განლაგებული ცალკეული სამყაროებისგან შედგება (შდრ. ქართული სკნელი); ვერტიკალურად განლაგდება ზედა სამყარო (ზესკნელი), მიწიერი სამყარო (სკნელი) და მიწისქვეშა სამყარო (ქვესკნელი); ჰორიზონტალურად სამყაროს ცენტრის (სკნელის) წინ მოთავსებულია წინა სამყარო (წინასკნელი), ხოლო უკან - უკანა სამყარო (უკანასკნელი). ზედა სამყარო დასახლებულია ღვთაებებით, ფრინველებით და ფანტასტიური არსებებით, შუა - ადამიანებით, ცხოველებითა და მცენარეებით. ქვედა სამყარო ბოროტი ქტონური არსებების - დევების, დრაკონების, აგრეთვე სიღრმისეული წყლების სამყაროა. სამ ვერტიკალურ სამყაროს (ქართულ მითოლოგიაში) შეესაბამება თეთრი, წითელი და შავი ფერი. წინა სამყაროს - ნათელს და კეთილგანწყობილს, შეესაბამება გაგება “აქ”, ხოლო მის საპირისპირო უკანა სამყაროს - ბნელს, იდუმალს, ხიფათით და მოულოდნელობებით აღსავსეს - გაგება “იქ”. ბოროტი უკანა სამყაროს გამო მრავალი ჩვეულებით იკრძალებოდა უკან მოხედვა. ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად განლაგებულ სამყაროთა მთელი ეს სისტემა გარშემორტყმულია ბნელი გარეთა სამყაროთი - გარესკნელით, რომლის იქით არაფერი არ არსებობს და რომელიც მოიაზრება, როგორც გაყინული სიბნელე და უცვლელი მარადისობა. ვერტიკალურად განლაგებული სამყაროები ერთმანეთისგან ჰაერის სისქით და ხმელეთით გამოიყოფა, ხოლო ჰორიზონტალური - შვიდი (ცხრა) მთით და ზღვით.

ერთი სამყაროდან მეორეში გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ ღვთაებების და ღმერთკაცებისთვის, ხოლო ადამიანს ასეთი გადასვლა შეუძლია მხოლოდ ღვთაების ნებართვით “იერის ცვლის” ანუ სიკვდილის გზით (შდრ. ქართული “გარდაცვალება”), როდესაც სული დროებით ტოვებს სხეულს, “მოგზაურობს” ღვთაებებთან ერთად ერთი სამყაროდან მეორეში, ხოლო დაბრუნების შემდეგ კვლავ შესახლდება მის სხეულში (ქართ. გახუა მეგრელაური, ინგუშური ბოტკი შირტკა). მოგვიანებით ჩნდება (ალბათ, ქრისტიანობის და მუსულმანობის გავლენით) სამოთხის და ჯოჯოხეთის ცნებები, ფორმდება სიუჟეტები, რომლებიც აღწერს სულის გადასვლას გარდაცვლილთა სამეფოში და ცოდვილთა სასჯელებს. ყველა სამყაროს ერთმანეთთან აერთიანებს სამყაროს კიდეზე მდგარი მსოფლიო ხე (მისი ვარიანტებია - სვეტი, რომელსაც ეყრდნობა ცარგვალი; კოშკი; ციდან დაშვებული ჯაჭვი; ირემი უზარმაზარი დატოტვილი რქებით, რომლებიც ცამდე აღწევს) მასზე მიბმული ცხოველით (აფხაზთა წარმოდგენით, როდესაც ცხოველი იღვიძებს და განთავისუფლებას ლამობს, ხდება მიწისძვრები). სამყაროთა შორის კავშირი მყარდება აგრეთვე ჯადოსნური ცხოველების, ფრინველების, ფანტასტიური არსებების (გმირთა რაშები, არწივები, თეთრი და შავი ცხვრები, დევები, ქაჯები და ა. შ.) მეშვეობით. ამ წარმოდგენებს უკავშირდება რწმენა ხის და ტყეების ზებუნებრივი ძალის შესახებ. მრავალი ტომი (აფხაზები, ადიღები, დაღესტნელები) თაყვანს სცემდა ხეებს და სწირავდა მსხვერპლს. ქართულ მითებში ღვთაებები ხშირად ევლინებიან ურჩ ქვეშევრდომებს ხეების სახით.

ჩეჩნების და ინგუშების კოსმოგონიური წარმოდგენა სიცოცხლის წარმოშობას უკავშირებს დედამიწაზე დაშვებულ უზარმაზარ თეთრ ფრინველს. დედამიწა მაშინ წარმოადგენდა ბრტყელ, უწყლო ხმელეთს, მცენარეებისა და ცხოველების გარეშე. ფრინველის უკან გაფრენის შემდეგ მისი ექსკრემენტებისგან წარმოიქმნა წყალი და თესლი, დაღვრილი წყლისგან წარმოიქმნა ზღვები, ტბები, მდინარეები; ქარით გაფანტული თესლით წარმოიშვა სხვადასხვა მცენარე. სხვა ვაინახური მითების მიხედვით მთები, ცხოველები და ადამიანები შექმნა დემიურგმა დიალამ. კავკასიურ-იბერიულ მითებში შემონახულია ძველი წინაქრისტიანული და წინაისლამური ღვთაებების პანთეონები უზენაესი ღვთაებით სათავეში. თუმცა მითებში უზენაესი ღვთაების გავლენა სხვა ღვთაებებზე ხშირად არ ვლინდება (ისევე, როგორც უზენაეს ღვთაებებს ხშირად უფრო არქაული მითოლოგიური პერსონაჟების ნიშან-თვისებები აქვს შემორჩენილი), რაც ამ წარმოდგენების შედარებით გვიანდელ წარმოშობაზე მიუთითებს. ამასთანავე, უზენაესი ღვთაების ცნებამ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა ქრისტიანობის და ისლამის გავლენით.

ქართული პანთეონის სათავეში დგას უზენაესი ღვთაება - ღმერთი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ინაწილებს ზოგიერთ ფუნქციას სხვა ღვთაებებთან, არსებითად წარმოადგენს მსოფლიო წესრიგის ერთადერთ დამფუძნებელს და დამცველს, ყოველივე არსებულის მბრძანებელს. იგი იმყოფება მეცხრე ცაზე და მისი ნების გარეშე არაფერი არ ხდება არც მზისქვეშეთში, არც გარდაცვლილთა საუფლოში (ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ღმერთი ასოცირდებოდა ბიბლიურ მამა - ღმერთთან). დანარჩენ ღვთაებებს - ხვთისშვილებს (ღმერთის შვილებს) ლოკალური ღვთაებების - მფარველების და ადამიანთა და უზენაეს ღმერთს შორის შუამავლების ფუნქცია აქვთ. ხვთისშვილთა მეთაურად ითვლებოდა კვირია - ხმელეთის მმართველი, რომელსაც საკუთარი კარავი ანუ სახლეული ჰქონდა. ზოგიერთი მითის მიხედვით, კვირია ითვლებოდა შუამავლად ღმერთსა და დანარჩენ ხვთისშვილებს შორის, რომლებიც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იკრიბებოდნენ უზენაესი ღმერთის კართან (დასავლეთ საქართველოს მთის ხალხთა მითებში კვირია ნაყოფიერების ფალოსური ღვთაებაა).

აფხაზური პანთეონის სათავეში დგას ანცვა, რომელსაც შერწყმული აქვს ჭექა-ქუხილის და ნადირობის ძველი ღვთაებების, დედა-ღვთაების და სხვათა ნიშან-თვისებები. ადიღეურ მითოლოგიაში პანთეონის მეთაური, დემიურგი და შემოქმედი არის ტხა (სიტყვის წარმოშობა ადიღეური “დიგე”, “ტიგე” - მზე, საშუალებას იძლევა ვიფიქროთ, რომ თავდაპირველად შემოქმედის როლი ეკუთვნოდა მზის ღვთაებას); მოგვიანებით ტხას ფუნქციებმა გადაინაცვლა ტხაშხოსთან. ტხაშხოს კულტმა მიიღო ქრისტიანობის ზოგიერთი ელემენტი, ხოლო ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამის გავრცელების შემდეგ ალაჰის კულტს შეერწყა.

ჩეჩნურ-ინგუშურ მითოლოგიაში უზენაესი ღვთაება, დემიურგი არის დიალა. დაღესტანში ერთი და იმავე ფუნქციის მქონე მითოლოგიურ პერსონაჟებს არა აქვთ საერთო სახელი, თითქმის ყველა ხალხს თავისი ღმერთები ჰყავს. პანთეონის სათავეში დგას ზალი (ლეკებთან), ბეჩედი (ავარელებთან), გინიში (წახურებთან), იინიში (რუთულებთან) და სხვ.

 

დამახასიათებელი ნიშან-თვისებები

კავკასიურ-იბერიული ხალხების მითოლოგიური წარმოდგენებისთვის დამახასიათებელია მზის, მთვარის და სხვა მნათობების პერსონიფიკაცია. ქართულ მითებში მთვარე მამაკაცია, მზე - ქალი; ისინი ხან და-ძმანი არიან, ხან - ცოლ-ქმარი, ხან კი - დედა-შვილი. დაღესტნის მთიელები მთვარეს და მზეს ქალიშვილის და ჭაბუკის იერით გამოსახავდნენ, ამასთანავე ზოგიერთ მითში ისინი და-ძმად გვევლინებიან, ზოგში კი - შეყვარებულებად. აფხაზთა პანთეონში თავდაპირველად შედიოდა მზის ამოსვლის და ჩასვლის ღვთაება ხაიტი, რომელიც დაკავშირებული იყო ცოცხალთა სამყაროსთან, გარდაცვლილთა სამყაროსთან, ზღვასთან. ძველი წარმოდგენებით, ხაიტის საზღვაო სამეფოში მთებიდან უზარმაზარი ხვრელით ჩაედინება ყველა მდინარე. ხაიტის ქალური შესატყვისი - კოდოში, რომლის კულტიც გავრცელებული იყო აფხაზეთის სანაპირო ზოლში და ზოგიერთ მოსაზღვრე ადიღეურ ტომში (მაგ. შაფსუღებში), გამოისახებოდა მისადმი მიძღვნილი ტყეებისა და ცალკეული ხის თაყვანისცემით. მოგვიანებით აფხაზურ პანთეონში შევიდნენ ამრა (მზის პერსონიფიკაცია) და ამზა (მთვარის პერსონიფიკაცია). მთვარის ფაზების წარმოშობის შესახებ მითის მიხედვით, ამრა (მზე) - მშვენიერი ქალია, ხოლო ამზა - მისი ქმარი. ამზას მოსდევს მისი და - ეშმაკი. როდესაც დაეწევა გაქცეულ ძმას, იგი იწყებს მის ჭამას. ამ დროს ჩნდება ამრა, რომელსაც გაუგია უბედურების შესახებ. ის თავისკენ ექაჩება ამზას, ხოლო და - თავისკენ. კამათს ღვთაება გადაჭრის: 15 დღით იგი ამზას ეშმაკს აძლევს (რომელიც ამ პერიოდში თითქმის მთლიანად შთანთქავს მთვარეს), ხოლო 15 დღით - მის ცოლს ამრას. იგი ახერხებს მიუსწროს ამზას სიცოცხლის ბოლოს (როდესაც მთვარე ილევა) და ალერსით და ზრუნვით კვლავ შთაბეროს სიცოცხლე. სავსემთვარეობისას კვლავ ეშმაკი აღიდგენს უფლებებს.

არსებობს მთვარეზე ლაქების ახსნის სხვადასხვა ვარიანტი: მეცხვარის მიერ ზევით ასროლილი და მთვარეზე გაბნეული ძროხის ნაკელი; ნართ სასრიყვას ჯოგი, რომელიც მთვარეზე ძოვს. ქართველთა წარმოდგენით ლაქები მთვარეზე დედის მიერ ცომში მოსვრილი ხელით შვილისთვის სილის გაწვნის კვალია. მრავალი კავკასიური ხალხის რწმენით მთვარის დაბნელება ხდება იმის გამო, რომ მას თავს ესხმის ურჩხული (დრაკონი), რომელიც მის შეჭმას ლამობს; არსებობდა ტრადიცია მთვარის დაბნელების დროს მისი მიმართულებით სროლისა, რათა ეხსნათ იგი. ინგუშების და ჩეჩნების მითოლოგიაში ციური მნათობებისადმი მიძღვნილი რამდენიმე სიუჟეტი არსებობს. ერთ-ერთის მიხედვით, პერსონიფიცირებული მზე (ან მზის ღმერთი) გელა დილით ზღვიდან ამოდის, ხოლო საღამოს კვლავ ზღვაში ჩადის. როდესაც იგი ჰორიზონტზე ამოდის, მისგან ზღვის ქაფი წვეთავს. წელიწადში ორჯერ (ბუნიობის დროს) დედამისს - აზას სტუმრობს (ზოგიერთი მითის მიხედვით, აზა მზის შვილია, ყოველივე ცოცხალის მფარველი; დაიბადა მზის სხივისგან და წარმოადგენს მზის სხივების მაცოცხლებელ ძალას).

ერთ-ერთი მითის თანახმად, მზე და მთვარე ძმები არიან (თუმცა სხვადასხვა დედის შვილები), რომელთაც მუდმივად დევნის მათი ბოროტი და მოჟი, რომელსაც ცაზე თავისი ნათესავები შეუჭამია; როცა იგი მათ დაეწევა, ხდება დაბნელება. სხვა მითი მოგვითხრობს მზისა და სხვა მნათობების წარმოშობის შესახებ. მშვენიერ ქალიშვილს მისდევდა მასზე შეყვარებული სახელგანთქმული ოსტატი-მჭედელი, რომელმაც არ იცოდა, რომ ეს ქალიშვილი მისი და იყო: იგი მას გავარვარებული ოქროს კომბლით მისდევდა მანამდე, ვიდრე ორივენი არ მოკვდნენ. კომბლის ნაპერწკლები ვარსკვლავებად გადაიქცნენ, ჭაბუკი - მზედ, ხოლო ქალიშვილი - მთვარედ. დღემდე ჭაბუკი (მზე) ცდილობს დაეწიოს ცაზე მის შეყვარებულს (მთვარეს).

კავკასიაში გავრცელებულია მითოლოგიური სიუჟეტები მფარველ ღვთაებებზე და ბუნებრივი ობიექტების - მდინარეების, ტბების, ზღვების, მთის მწვერვალების და სხვ. მფლობელებზე, აგრეთვე ნადირობის ღვთაებებზე, რომლის ნებართვის გარეშე მონადირეს არ შეუძლია მოინადიროს რაიმე. არსებობს აგრეთვე ლეგენდები გარეული ცხოველების “პატრონ” ღვთაებებზე. ისინი ჩუქნიან მონადირეს ნანადირევს, რომლის მოკვლაც მათი ნებართვის გარეშე ეკრძალებათ, ხოლო ურჩი ყოველთვის ისჯება. ნადირობის ღვთაებებს მიეკუთვნებიან ქართული ოჩოპინტრე, დალი, აფხაზური აჟვეიფში, რომელიც ზოგჯერ აერგთან არის გაიგივებული, ადიღეური მეზიტხა, რომელმაც განდევნა ნადირობის ადრინდელი ღვთაება მეზგუაში (ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ მისი ფუნქციები ნაწილობრივ დაუშჯერჯიამ აიღო, რომელსაც აგრეთვე წმინდა გიორგის ნიშნები შეერწყა), დაღესტნური აბდალი (ავდალი), ინგუშური ელტა (რომელიც აგრეთვე მცენარეულობის ღვთაებაა) და სხვ.

 

მითოლოგია კავკასიურ ფოლკლორში

 

ნადირობის რიტუალები

ნადირობის ღვთაებებთან დაკავშირებული წარმოდგენები ასახულია სანადირო ეპოსში და მითოლოგიურ სიუჟეტებში მონადირეთა შესახებ, რომლებიც მისდევენ რა ნადირთა მფარველ ღვთაებებს, რომელთაც ცხოველის სახე აქვთ მიღებული, მაღალი კლდეებიდან ვარდებიან და იღუპებიან. ეს სიუჟეტები, ისევე, როგორც ხალხური ცეკვებისა და სიმღერების ტექსტები, სრულდებოდა საგაზაფხულო დღეობებზე. მოგვიანებით კავკასიაში სანადირო მოტივები აგრარულ და კოსმოგონიურ წარმოდგენებს შეერწყა. ცეკვა-სიმღერები დაღუპული მონადირის შესახებ, რომლებიც ყოველწლიურად სრულდებოდა ადრეულ საგაზაფხულო დღეობებზე, ეძღვნებოდა ბუნების ნაყოფიერების განახლებას და გამოღვიძებას.

 

ტოტემები

დაღესტნის მრავალ ხალხში სჩანს ტოტემური წარმოდგენების კვალი. ტოტემების როლში გვხვდება დათვი, ძროხა, ძაღლი, ცხენი, თხა, ცხვარი, არწივი. დაღესტნის ხალხთა წარმოდგენებში მნიშვნელოვანია გველის როლი; ერთგან გველი კეთილი სულია, სახლის მფარველი, ხოლო მეორეგან - წყლის, წვიმის და ელვის განსახიერება. ტოტემური წარმოდგენები მოსჩანს ჩეჩნურ-ინგუშურ მითოლოგიაშიც. ერთ-ერთ ზღაპარში უშვილო წყვილს ძროხამ და დედალმა ცხენმა მოუყვანეს შვილები. მშობლებმა ძროხისგან დაბადებულ შვილს მახტატი დაარქვეს, ხოლო ცხენისგან დაბადებულს - პახტატი. მათ გოლიათური ძალა აქვთ და მრავალ გმირობას ჩადიან. სხვა ზღაპარში ადამიანის და დათვის კავშირის შედეგად ჩნდება ჯადოსნური უნარის მქონე გმირი ჩაიტონგი. ჩეჩნებთან და ინგუშებთან ადამიანთა მფარველად გვევლინებიან ფრინველი (ფარა ხაზილგი) და გველი.

 

ამინდის რიტუალები

მრავალი სიუჟეტი უკავშირდება ელვის და ჭექა-ქუხილის ღვთაებებს, ადამიანთა ბედის და მოსავლის გამგებლებს. ისინი, უზენაესი ღმერთების მსგავსად, ფლობენ ციურ ცეცხლს და დედამიწაზე გზავნიან წვიმას და გვალვას. ქართულმა მითებმა და რიტუალებმა არ შემოგვინახა ელვის და ჭექა- ქუხილის უძველესი ღვთაებების სახელები, რომელთა კულტიც შეერწყა მათი გამომდევნელი ქრისტიანული წმინდანების - ელიას (ილიას), გიორგის და სხვ. კულტს. აფხაზურ პანთეონში ელვის და ჭექა-ქუხილის მბრძანებელია აფი, რომელიც დედამიწაზე ცეცხლოვან ისრებს გზავნის. ადიღებს სწამდათ დიდი ელვისმტყორცნელი ღმერთი შიბლე, რომელიც სულის ღმერთ ფსატხასთან ერთად პანთეონში ტხას (ტხაშხოს) შემდეგ მოდიოდა. დაღესტანში თაყვანს სცემდნენ ელვის და ჭექა-ქუხილის ღვთაებებს ასს (ლაკებთან) და არშს (წახურებთან), წვიმის ღვთაებებს (ზიუვილს ლაკებთან, გუდილს ტაბასარებთან, გუდის რუთულებთან, გოდეის წახურებთან, ფეშაფაის ლეზგებთან).

აფხაზები, ადიღები, ქართველები მეხისგან მოკლულს განსაკუთრებული პატივით კრძალავდნენ, როგორც წესი სიკვდილის ადგილზე. ჭექა-ქუხილთან და ელვასთან დაკავშირებულია მჭედლობის მფარველი ღვთაებები (ქართული პირქუში, აფხაზური შაშვი, ადიღეური ტლეფში). აფხაზები სამჭედლოს ჭექა- ქუხილის ღმერთის - აფის ნამსხვრევად თვლიდნენ. მთელ კავკასიაში იყო გავრცელებული წარმოდგენები ღმერთსა და ადამიანს შორის შუამავალი ღვთაებების შესახებ, რომლებიც გამოსთხოვდნენ ხოლმე ღმერთს ადამიანთათვის სასურველ ამინდს. რიტუალების დროს ამ ღვთაებების პატივსაცემად ქალები სოფელში მორთული თოჯინებით დადიოდნენ, რომელთაც წყლით რწყავდნენ, ხოლო ცერემონიის დასრულების შემდეგ მდინარეში ყრიდნენ ხოლმე. ითვლებოდა, რომ ეს მსვლელობები შეაჩერებდა გვალვას და კოკისპირულ წვიმებს. ლაზარეს, გონჯოს და სხვებთან ერთად ქართველები თაყვანს სცემდნენ ქრისტიანულ წმინდანებს, რომელთაც საჭირო ამინდი მოჰყავდათ, კერძოდ, გაღმერთებულ ისტორიულ პიროვნებებს.

 

აგრარული რიტუალები

ფალოსური თოჯინებით გამართული რიტუალური მსვლელობები ბევრ რამეში ემთხვევა ძველბერძენი მწერლების მიერ აღწერილ, მოსავლიანობის ღვთაებებისადმი მიძღვნილ დღესასწაულებს. საქონლის ნაყოფიერებაზე ქართველები უზენაეს ღვთაებას (ღმერთს) ევედრებოდნენ, აგრეთვე წმინდა მარიამს და სხვადასხვა სინკრეტულ ღვთაებას, რომლებიც საქონლის მფარველობასთან ერთად აგრარულ ფუნქციებსაც ითავსებდნენ (მაგ. ბოსელი, ბარბალე, ბარბოლი, ქრისტიანული წმინდა ბარბარე, თევდორე, ჭაბუკი, ლამარი და სხვ.) შემონახულია აგრეთვე შინაური ცხოველების და მიწათმოქმედების განსაკუთრებულ მფარველებთან დაკავშირებული სიუჟეტები.

დაღესტანში ლეზგინები თაყვანს სცემდნენ მიწათმოქმედების და მესაქონლეობის ღვთაება გუცარს. კავკასიის სხვა ხალხებთან ეს წარმოდგენები უფრო დიფერენცირებულია. აფხაზები მესაქონლეობის მთავარ ღვთაება აიტართან ერთად თაყვანს სცემდნენ საქონლის, განსაკუთრებით კამეჩების მფარველ ღვთაებას მკამგარიას (აკამგარია, სკამგარია). ადიღები თაყვანს სცემდნენ ხარების მფარველს - ხაკუსტაშს და ძროხების მფარველს - ფშიშაკს; ამათ გარდა იყვნენ მსხვილი და წვრილი საქონლის მფარველი ღვთაებები ახინი და ამიში.

მთელ კავკასიაშია გავრცელებული ლეგენდები საქონლის მფარველი ღვთაების მიერ გამოგზავნილი ძროხის ან ხარის შესახებ, რომელიც ნებაყოფლობით სწირავს თავს მსხვერპლად ამ ღვთაებას. ქართველებში ეს ლეგენდები უკავშირდება სხვადასხვა ღვთაების - თემის მფარველთა და ქრისტიან წმინდანთა კულტს. ქრისტიანული ეკლესია იყენებდა ლეგენდებს ცხოველის შესახებ, რომელიც თვითონ მოდის მსხვერპლად შეწირვის ადგილას. მაგ. ილორის ტაძარში წმინდა გიორგის დღეობაზე “სასწაული” ხდებოდა: მოდიოდა ოქროს რქიანი ხარი, რომელიც თითქოს დღესასწაულის წინა ღამით თვით წმინდანის მიერ იყო მოყვანილი. ქართული ლეგენდის თანახმად, თავდაპირველად ღვთაება ირემს გზავნიდა.

ნებაყოფლობითი მსხვერპლის მოტივი უახლოვდება შესაბამის ანტიკურ და ძველაღმოსავლურ მოტივებს. კავკასიის მთიელებში ცნობილია მიწათმოქმედების, ნაყოფიერების და მოსავლის ძველი ღვთაებები, როგორებიც არიან აფხაზური ჯაჯა და ანაპა-ნაგა, ადიღეური ტხაგალეჯი, ჩეჩნურ- ინგუშური ერდი, თუშოლი (რომელიც ქართველებშიც არის ცნობილი), დაღესტნური იდორი, კვარა და სხვ.

 

ხელოსნობის მფარველები

არსებობენ ხელობის მფარველი ღვთაებები (კერძოდ, ქართული ლამარი, აფხაზური ერიში - ქსოვის, საუნაუ - ფქვის და სხვ.) იბერიულ-კავკასიურ მითოლოგიაში შემონახულია წარმოდგენები კეთილი და ბოროტი სულების, ტყის კაცების შესახებ, რომლებიც მოგვიანებით ქრისტიანობის და ისლამის გავლენით ეშმაკის, შაითანის, იბლისის შესახებ წარმოდგენებს შეერწყა. ჩეჩნურ-ინგუშურ მითოლოგიაში კეთილი სულების - მფარველების როლში გვევლინებიან ტარამები; ბევრია ბოროტი სული - ალმაზები, ხუნ საგი, უბური, ვოჩაბი, გამსილგი. ბოროტ სულთა შორის ბევრი სხვადასხვა დაავადებას განასახიერებს.

დაღესტნის ხალხებში შაითანები წარმოადგენენ თმებით დაფარულ ანთროპომორფულ არსებებს გადმოტრიალებული ხელ-ფეხით და ადამიანზე დაბლები არიან. ისინი განცალკევებულად ცხოვრობენ და ისეთივე ცხოვრებას ეწევიან, როგორსაც ადამიანები: ქორწინდებიან, შობენ შვილებს (მძიმე მშობიარობის დროს დამხმარე ქალს იწვევენ); უყვართ ცხენებით სეირნობა. ზოგჯერ ნაცნობი ადამიანის სახეს იღებენ. ზოგჯერ, თუ ადამიანმა სიკეთე და ზრუნვა გამოამჟღავნა, შაითანი მას მდიდარ ადამიანად აქცევს. ბოროტი შაითანები ცვლიან ახალშობილებს, ხელს კრავენ უფსკრულის კიდეზე მდგომ ადამიანებს, აჩერებენ წისქვილებს და ა.შ. მთის ხალხის რწმენით, ყურანისეული ლოცვა შაითანისგან იცავს. ავარელებთან შაითანებს საკუთარი სახელები აქვთ: იტუ, ტიტუ, ნისკუ და სხვ. შაითანთა სახესხვაობას წარმოადგენენ ვასვასინეკალი (ჯერ კიდევ არდაბადებულ ადამიანს დაავადებებს მოუვლენს), კეხაი (კისერს უმრუდებს ადამიანს, აბნევს მას, უმთავრესად კი საქონელს ერჩის), ჟუნდული (ჩვეულებრივ, იცავს ადამიანს, მაგრამ მის მაწყენარს დაავადებებს მოუვლენს - სახის კრუნჩხვებს, აჯადოებს) და სხვ.

ჯინები, რომლებიც დაღესტნურ მითოლოგიაში გვხვდებიან, იყოფიან თეთრ ჯინებად, რომლებიც მფარველობენ ადამიანებს, ხელს უწყობენ გამდიდრებაში (გამდიდრების საიდუმლოს გამამხელელი ადამიანი სასტიკად ისჯება ჯინის მიერ) და შავ ჯინებად, რომლებიც აგიჟებენ ადამიანს. ქართულ მითებში გვხვდება ბოროტი სულები - დევები და ქაჯები, რომლებიც ქვედა სამყაროში ცხოვრობენ.

 

ეპოსი

მითოლოგიური წარმოდგენების განსაკუთრებული პლასტი ვლინდება ეპოსში და ფოლკლორში. ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა და აფხაზური ნართების ეპოსი და ქართული ამირანის ეპოსი, წარმოიქმნენ რა უხსოვარ წარსულში, სხვადასხვა ისტორიული ეპოქის ანაბეჭდს ატარებენ. ეპოსსა და მითს შორის საზღვარი ხშირ შემთხვევაში საკმაოდ პირობითია. ეპოსის გმირები ცხოვრობენ სამყაროში, რომლის სივრცე-დროითი მახასიათებლები მითიური სამყაროს შესაბამისი მახასიათებლების მსგავსია. ღმერთები გვევლინებიან გმირების დამხმარეების, მფარველების ან პირიქით მოწინააღმდეგეთა როლში.

ნართულ ეპოსში ღმერთები დებეჩი და ტლეპში ღვთაებრივი მჭედლების ორ თაობას განასახიერებენ. დებეჩი გავარვარებულ ლითონს ხელით აძლევს ფორმას, ხოლო ტლეპში იგონებს მარწუხებს, უროს, გრდემლს, აკეთებს პირველ ნამგალს. იგი ასევე მკურნალობს ძვლების მოტეხილობებს (აქ ასახულია ლითონის ათვისების ეპოქის დროინდელი უძველესი წარმოდგენები, როდესაც მჭედელი, რომელსაც თაყვანს სცემდნენ, როგორც ღვთაების ყოვლისშემძლე რჩეულს, განასახიერებდა ზებუნებრივ ძალას, რომელსაც ლითონის დამორჩილება შეეძლო). მეორეს მხრივ, ეპოსის გმირები (ამირანი, აბრსკილი, სასრიკვა, სოსრუკო, ნასრენ-ჟაჩე, ბატრაზი, პხარმატი და სხვ.) აღსდგებიან თვით ღმერთის წინააღმდეგ და ცეცხლს მოუპოვებენ ხალხს, რაც მათ ბერძნულ პრომეთესთან ანათესავებს და საშუალებას იძლევა, ისინი კულტურული გმირების რიგში განვიხილოთ.

განასახიერებენ რა კეთილ საწყისს, ეპოსის გმირები ყოველთვის ეწინააღმდეგებიან ბოროტების, სიბნელის და მიწისქვეშა სამეფოს ქტონურ ძალებს, რომლებზეც გამარჯვება კოსმოსის მოწესრიგების სიმბოლოა. თავის საქმეებში გმირები მრავალ ღმერთს სჯობიან, ხოლო ზოგჯერ მათ მოწინააღმდეგედაც გვევლინებიან (ადიღეური სოსრუკო ღმერთებს სასმელს - სანოს წაართმევს და ადამიანებს აძლევს), ებრძვიან მათ და ხშირად იმარჯვებენ კიდეც (უაზირმესი კლავს ბოროტ ღმერთ პაკოს; ნასრენ-ჟაჩე აღსდგება ტხას მბრძანებლობის წინააღმდეგ, რის გამოც ოშხამახოს მწვერვალზე მიაჯაჭვავენ, საიდანაც მოგვიანებით ნართი ბატრაზი ათავისუფლებს).

უმეტეს შემთხვევაში ეპოსის გმირები სასწაულებრივად იბადებიან - უცოდველი ქალწულისგან, ქვისგან, ქალღმერთის და მონადირისგან (აბრსკილი, ამირანი, სასრიკვა, სოსრუკო, სოსკა-სოლსა). ნადირობას კავკასიურ ეპოსში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, იგი წინ უძღვის ყველა მნიშვნელოვან გმირობას. ეპოსის გმირთა გმირობები განასახიერებენ ბუნების მოვლენებს, ბუნებრივი ციკლების პერიოდულობას, ციურ მნათობთა მოძრაობის როტაციულ ხასიათს. თუმცა თვითონ გმირთა ქმედებების ციკლურობა უკვე დაკარგულია და მხოლოდ სიუჟეტის გარკვეული ელემენტები მიუთითებენ მათ თავდაპირველ ხასიათზე. მიწისქვეშა სამყაროდან მოილტვის ცოცხლად დამარხული ნართი სოსრუკო, ყოველ გაზაფხულზე გაისმის მისი კვნესა; სოსრუკოს მიწისქვეშა სამყაროში ჩასვლის დღეს იღვიძებს ბუნება, მიწა იცილებს ყინულს, ჩნდება წყაროები - სოსრუკოს ცრემლები. ყოველ წელს გვახსენებენ თავს კლდეზე მიჯაჭვული ან გამოქვაბულში გამომწყვდეული გმირები (ამირანი, აბრსკილი და სხვ.).

აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა ფოლკლორში შემორჩენილია სიუჟეტები გიორგის ყოველწლიური მოგზაურობის შესახებ ქაჯების ქვეყანაში. გიორგი, ამირანის და აშამეზის მსგავსად, იტაცებს მშვენიერ ქალებს, სიყვარულის და ნაყოფიერების ქალღმერთებს (ალბათ, ქაჯების მიერ მოტაცებულთ), ცხრასიმიან ფანდურს და გრდემლს, მოერეკება უზარმაზარ ჯოგს. ქაჯების ქვეყნიდან დაბრუნებისას თან მოაქვს მუსიკალური ინსტრუმენტი - გაზაფხულის სიმბოლო. ამირანი გადაივლის ზღვას და იტაცებს მშვენიერ ყამარს, ზეციურ, მზიურ ქალიშვილს, ღრუბელთა წინამძღოლის შვილს - გაზაფხულის სიმბოლურ სახეს. ამირანს გადაყლაპავს ვეშაპი, რომელიც სიბნელეს განასახიერებს, მაგრამ იგი ვეშაპს გვერდს გაუჭრის და გარეთ გამოდის. ნართები ჩადიან გმირობებს, რომლებიც აბედნიერებენ ადამიანებს და აყვავებენ ბუნებას. ნართი აშამეზი ბატრაზთან და სოსრუკოსთან ერთად მიწისქვეშა სამყაროში ჩადის, რათა დრაკონისგან მშვენიერი ახუმიდა გამოიხსნას და მოსტაცოს ჯადოსნური სალამური, რომლის დაკვრაც მძინარე ბუნებას აღვიძებს და განდევნის ზამთარს, რომელიც ჩამოწოლილა დედამიწაზე, ვიდრე სალამური დრაკონის ხელშია.

დაღესტანში, სადაც ნართების ეპოსი ფართოდ არ გავრცელებულა (აქ ცნობილია მხოლოდ ცალკეული სიუჟეტები ნართებზე, კერძოდ ნართ ბარხუზე) ეპიკური სიუჟეტები და მოტივები ტიპოლოგიურად ახლოს დგას ამირანის და ნართების ეპოსთან. ლეზგინების ეპოსის გმირი - შარვილი, რომელშიც გაერთიანებულია მითოლოგიური და ზღაპრული ნიშან-თვისებები, უზარმაზარ ძალას ფლობს: გრანიტის კლდეს ჰკვეთს, ასი ათას მეომარს ცვლის, შეუვალია ისრების და ხანჯლებისთვის; მტერი მასთან გამკლავებას მხოლოდ მოტყუების გზით ახერხებს. დაღესტნური ეპოსის ზოგიერთი გმირი ღმერთებს ებრძვის. ლაკების გმირი ამირი აღუდგება ღმერთ ზალს, რისთვისაც მას რკინის ჯაჭვით კლდეზე მიაბამენ. სხვა გმირი (ადამიანი მაჩალ-ლაშიდან) მთაში ყინვისგან გათოშილი ქალიშვილებისთვის ცეცხლს პარავს ღმერთს.

ყველაზე გავრცელებულ სიუჟეტებს შორისაა გმირების ბრძოლა ცალთვალა გოლიათებთან (ამირანი, ნართები; შდრ, ბერძნული ოდისევსის ბრძოლა ციკლოპ პოლიფემოსთან). ანალოგიური სიუჟეტები გვხვდება აგრეთვე კავკასიელ ხალხთა ფოლკლორში. ქართული ხალხური ლექსი “თავფარავნელი ჭაბუკი” შეიცავს სიეჟეტს გმირზე, რომელიც ყოველ ღამე გადაცურავს ზღვას თავის შეყვარებულთან შესახვედრად; ქალწული ანთებულ სანთელს ტოვებს ნაპირზე, რათა ჭაბუკს გზა მიასწავლოს, მაგრამ ბოროტი დედაბერის შელოცვით სანთელი ქარიშხლის დროს ქრება. ჭაბუკი ვერ აგნებს ნაპირს და იღუპება. ანალოგიური სიუჟეტები შემორჩენილია ადიღებშიც. ლეგენდის თანახმად, მშვენიერი ადიუხის სახლი დგას მდინარის ნაპირზე, რომელზეც გადაჭიმულია ტილოს ხიდი. თუ ადიუხის ქმარი სახლში გვიან ღამით ბრუნდება, იგი ფანჯრიდან თავის მანათობელ ხელებს უწვდის, რომელიც უნათებს გზას და ქმარიც ხიდზე ადვილად გადარეკავს ცხენებს. უმადური ქმარი უშლის ადიუხს ხიდის ხელებით განათებას. ბნელი ღამით იგი ვარდება ხიდიდან და იხრჩობა, რის შემდეგაც ადიუხი ცოლად სოსრუკოს მიყვება, რომელსაც მზის ატრიბუტიკა ახასიათებს. ადიუხის მანათობელი ხელები გვახსენებს ძველ მითს განთიადის ქალღმერზე, რომლის ვარდისფერი თითებიც ანათებს დილის ცას. ლეგენდის ქართულ ვარიანტში დაღუპული გმირი მის აქსესუარებთან ერთად (წითელი სამოსი, ანთებული სანთელი, ღამით ცურვა, ტვირთი, რომელიც მიაქვს და საბოლოოდ, სიკვდილი) ქალღმერთის სიყვარულის გამო დაღუპულ ღვთაებებს და გმირებს უახლოვდება.
 

ქართველთა აღმნიშვნელი ძველი და ახალი სახელები

წინარექართველურ (იბერიულ-კავკასიურ-წინააზიურ) და ქართველურ ტომთა აღმნიშვნელი სახელები

სამეცნიერო ლიტერატურაში გაბატონებულია აზრი, რომ უძველესი დროიდანვე (მაგ., ძვ.წ. III აღასწლეულიდან, ზოგის მიხედვით, კი - V ათასწლეულიდან!) არსებობდა სამი ქართველური ტომი სამი განსხვავებული ენით: ქართები, ზანები (მეგრელ-ჭანები) და სუანები; შდრ., დამკვიდრებულია რწმენა, რომ III ათასწლეულიდან (შესაბამისად, V ათასწლეულიდან) უკვე არსებობდა სვანური, ზანური და ქართული ენები (დაწვრილებით იხ., ქვემოთ). ვარაუდობენ, რომ შემდგომ პერიოდში ქართებისგან მოხდა სხვა ტომთა ასიმილაცია-ქართიზაცია... გაჩნდა საოცრად არაადექვათური ფრაზაც: ქართი - ტომიყლაპია (ნ.ბერძენიშვილი). წინასწარვე აღვნიშნავთ, რომ არცერთი წყაროს მიხედვით არ ჩანს ქართის ტომის არსებობის კვალიც კი; ამ ფონზე სრულიად უსაფუძვლოდ ჩანს ქართიზაცია-ქართველიზაციის თემა. არა მხოლოდ III-II ათასწლეულებში, არამედ I ათასწლეულის დასასრულსაც კი ოცამდე ქართველური ტომის არსებობა დოკუმენტურად დასტურდება: როგორც წესი, თითოეულ ტომს საკუთარი საცხოვრისი და განსხვავებული მეტყველება (ენა, კილო) ჰქონდა, მაგ., ქსენოფონტე საგანგებოდ ლაპარაკობს თავისი ერთი მებრძოლის მაკრონულ წარმომავლობაზე: ათენში ტყვედყოფილ მოლაშქრეს გაახსენდა ბავშვობისდროინდელი ენა და ქსენოფონტეს თარჯიმნობა გაუწია მაკრონების ქვეყნის გავლის დროს (ქსენოფონტე, 1967, გვ.86); ბუნებრივია, იმ კონტექსტში იგულისხმება, რომ მაკრონებთან საურთიერთოდ ქსენოფონტეს არ გამოადგნენ ის თარჯიმნები, რომლებიც მას ეხმარებოდნენ სხვა ქართველური ტომების წარმომადგენლებთან საუბრის დროს. ლოგიკას არ ექვემდებარება აზრი, რომ თუ I ათასწლეულში 20-მდე ქართველური ტომი არსებობდა, როგორ უნდა ვირწმუნოთ III ათასწლეულში მხოლოდ იმ სამი ტომის არსებობა, რომლებიც დღესაც არსებობენ. ასეთ შემთხვევაში დაისმება უპასუხო კითხვა: საიდან, როგორ გაჩნდნენ და სად გაქრნენ დანარჩენი ტომები? რამ განაპირობა მხოლოდ ამ სამი ტომის უპრეცენდენტო უნიკალურობა - 5000 წლის მანძილზე არსებობა თვისობრივი ცვალების განუცდელად მაშინ როცა ასეთ ხანგრძლივ პერიოდს უდიდესმა ცივილიზაციებმაც კი ვერ გაუძლეს?
ჩვენი ხედვით:
ტერმინი "ქართველური ტომები" (ასევე, აფხაზურ-ადიღეური, ვაინახური, ლეკურ-დაღესტნური...) შეუძლებელია გამოვიყენოთ III ათასწლეულების კავკასიის და მცირე აზიის ხალხების აღსანიშნავად; ამ პერიოდში არსებობდა "მტკვარ-არაქსის ცივილიზაციის" შემქმნელი წინარექართველური, პირობითად, იბერიულ-კავკასიური-წინააზიური დიდი მოდგმა, რომელის საფუძველზე II ათასწლეულში ჩამოიძერწა მაშინდელ კავკასიაში დომინანტი ქართველური ეთნოსი, რომელმაც შექმნა "კოლხური ცივილიზაცია"; შემდეგ მრავალრიცხოვანი ომებისა თუ მიგრაციის შედეგად ეს ხალხიც დაიქსაქსა 20-ზე მეტ ქართველურ ტომად. ამ ტომთაგან ძვ.წ. I ათასწლეულის მეორე ნახევარში ისევ შეიკრა ქართველი ერი, აღსდგა ქართველთა სახელმწიფოც, რომელიც შემდეგ პერიოდებში დრო და დრო ისევ ცალკეულ თემთა კუთხურ სამთავროებად იშლებოდა და ისევ ერთიანდებოდა...
თვალი გავადევნოთ წყაროებს:
უძველესი ცივილიზაციების წერილობით ძეგლებშივე დასტურდება ეთნონიმები, რომლებიც, სპეციალისტთა ერთი ნაწილის დასკვნით, ქართველთა წინაპრებს აღნიშნავდნენ; სხვა მკვლევართა აზრით, კი იგივე ძველი ეთნონიმები სხვა იბერიულ-კავკასიურ არაინდოევროპელ და არასემიტ წინა აზიურ-ანატოლიურ მოდგმას მიემართებიან. ჩვენი აზრით, მაგ., ძვ.წ. III ათასწლეულში მცხოვრები სუბარელების (ხურიტების) და ხათების თუ II ათასწლეულში მცხოვრები აბეშლაელებისა და ხუბუშქიელების ენის (რესპ. ხალხის) სრული გაიგივება თანამედროვე ქართველების, ჩეჩნების, ან ადიღურ-აფსუურ ეთნოსის რომელიმე სამეტყველო ერთეულთან, გაჭირდება, ვინაიდან, 4000-5000-წლიანი ინტერვალი ამგვარი იდენტიფიკაციისათვის ძალიან დიდია; უთუოდ გასათვალისწინებელია ენათა და ეთნოსთა ისტორიის ტიპოლოგია; კერძოდ, თანამედროვე მსოფლიოში არსებული ყველა ერის (ეთნოსის) ენამ, ფსიქიკურმა წყობამ, ხასიათმა თუ კუთვნილმა ტერიტორიამ ბოლო 10 საუკუნეშიც კი სერიოზული ცვლილება განიცადა! მითუმეტეს, არსებითი ცვალება მოხდებოდა 40-60 საუკუნის მანძილზე; მაგ., IV-III ათასწლეულებში მცხოვრები დიდი ტრადიციების დამწერლობების მქონე ხალხებიც კი (შუმერები, ეგვიპტელები, ხეთები...) გაქრნენ ისტორიის ასპარეზიდან და, წარმოუდგენელია, დამწერლობის არმქონე გაცილებით მცირერიცხოვან ეთნიკურ ჯგუფებს დღემდე თვისობრივად უცვლელად შემოენახათ თავი. უფრო ლოგიკურია დავუშვათ, რომ ერგატიული კონსტრუქციის მქონე ენების მფლობელი ხურიტები, ხათები თუ ქართველურ-კავკასიურ ეთნონიმებთან და ტოპონიმებთან სტრუქტურულად მსგავსი ონომასტიკური ერთეულების მქონე წინა აზიის და კავკასიის სხვა ძველი ხალხები (ტომები) მივიჩნიოთ დღევანდელი იბერიულ-კავკასიური ენების - ერგატიული ტიპის ენების(!) - მფლობელ ეთნოსთა საერთო წინაპრებად (ისიც, გარკვეული პირობითობით).
ვვარაუდობთ, რომ წინარეისტორიულ პერიოდში ბევრი ქართველურ-ჩრდილოკავკასიურ-წინააზიური მოდგმის ტომი არსებობდა, რომელთა ნაწილი საერთოდ დაიკარგა, ნაწილი კი მეტნაკლებად "ასახულია" თანამედროვე იბერიულ-კავკასიურ ეთნოსებში, გამომდინარე აქედან, უძველესი დროიდან ვიდრე "დიდ კოლხურ ცივილიზაციამდე" არსებული ტომები საერთოკავკასიურ-წინააზიურ მოდგმად უნდა მივიჩნიოთ, ხოლო I ათასწლეულიდან უკვე შეგვიძლია ვილაპარაკოთ საკუთრივ ქართველურ და ჩრდილო კავკასიურ ტომებზე; ამგვარი პირობითობით ჩამოვთვლით ძველ წინარექართველურ თუ იბერიულ-კავკასიურ ტომებს, რომელთა დიდი ნაწილი ქართველთა წინაპრებად შეიძლება ჩავთვალოთ:
ხურიტები//მითანელები//მატიენები (მითანი//მითანის მოსახლეობა) - ძვ.წ. III-II ათასწლეულებში ხურის ენაზე მოლაპარაკე ტომები ბინადრობდნენ მდინარე ევფრატის შუა წელს ზემოთ ჩრდილოეთით გადაჭიმულ ოლქებში (ჩრდილო მესოპოტამიაში); ამ ქვეყანას შუმერები სუბირს, აქადელები და ასურელები მას სუბართუს ეძახდნენ (შდრ., სუბართუ - გეოგრაფიული ცნება); ძვ.წ. XVI საუკუნიდან მათ შექმნეს მითანის დიდი სახელმწიფო. სპეციალისტთა დასკვნით, სუბარელების ენა აგლუტინაციური ტიპის და ერგატიული კონსტრუქციისა იყო; ჩანს, მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით იგი ენათესავება იბერიულ-კავკასიურ ენებს (ი.დიაკონოვი, ს.სტაროსტინი, ნ.ნოზაძე). ხურიტების განსახლების საზღვარი ტერიტორიულად ემთხვევა მტკვარ-არაქსის კულტურის გავრცელების არეალს (სპეციალური ლიტერატურის მიმოხილვისათვის იხ., გრ.გიორგაძე, 2002). მითანი დაემხო ძვ.წ. XIII საუკუნეში. სავარაუდოა, რომ ამის შემდეგ გაძლიერდნენ დაიანი, კოლხა, ურარტუ და ე.წ. ნაირის სხვა ქვეყნები. ჰეკატა~ოს მილეტელის (ძვ.წ. 549-472), ჰეროდოტეს (ძვ.წ. 484-425) და სხვათა ცნობებით, მატიენები ცხოვრობდნენ მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მესოპოტამიის ჩრდილოეთით მოსხების, სასპე~რებისა და ალაროდიელების მეზობლად (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.42, 144; ჰეროდოტე, 1975, გვ.61, 111, 332).
შდრ.: ს.ჯანაშიას მტკიცებით "ქართლის მოქცევის" თხრობის არიან-ქართლი წარმოადგენს მოგონებას ჰარი-ქვეყნის, როგორც ქართველთა უძველესი საცხოვრისის შესახებ. რეალურად აქ შესაძლებელია იგულისზმებოდეს როგორც, მიტანი, ისე ურარტუც, ვანის ტბის მიდამოები, რადგან ჰარი-ქვეყანა შეიცავდა ერთსაც და მეორესაც" (ს.ჯანაშია, 1952, გვ.70). არნ. ჩიქობავას აზრით, იბერიულ-კავკასიური ენები (მათ შორის ქართულის - ტ.ფ.) ენათესავება წინა აზიის ძველი ციცილიზაციის მკვდარ ენებს: ხეთურს, ჰარულს, მიტანი-ენას, ურარტულს, ელამურს... ქართული ენა არის ხეთურ-იბერიული წრის ცოცხალი ენა; არესებული განსხვავებანი მეორეულია" (არნ. ჩიქობავა, 1950, გვ. 006). ამგვარი აზრი გაზიარებულია თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურაშიც (იხ., მაგ., კ.ზ. გამსახურდია, 1997, გვ 66: ე. თაყაიშვილის დაკვირვებით არიან-ქართლი არის ჰარი-ქვეყანა - ხურიტების ადგილსამყოფელი); შდრ., გ.მელიქიშვილი, 1999, გვ. 19: "ხურის ენა და მასთან დაკავშირებული ეთნიკური ელემენტი მეორე ათასწლეულში ჩვენს ერამდე მეტად ფართო ტერიტორიაზეა გავრცელებული, თუმცა ამ ხალხის უმთავრეს კერას, პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ცენტრს, ამ დროს, ზემო მესოპოტამია და ვანის ტბის სანახები წარმოადგენენ; ზემო მესოპოტამიაშია მითანის სამეფო, ვანის ტბის სანახებში კი - ხურის სამეფო (ადრე ხურის ნაცვლად კითხულობდნენ ხარის). "თავისი ფიზიკური ტიპითა და ენით ხური-მიტანის (შემდგომი ურარტუს) მოსახლეობასთან დღეს მცხოვრებ ხალხთაგან ყველაზე ახლოს ქართველური, კავკასიური მოდგმის ხალხები დგანან" (გ.მელიქიშვილი, 1999, გვ. 19).
ხურიტ- ფუძეში შესაძლოა გამოიყოს ხურ- ძირი, რომელიც ჰარ-/*ხარ-/*ხალ- ვარიანტის სახით შეიძლება ვეძიოთ ხალდ-/ქართ- ფორმებში, ხოლო ხმოვნის ლაბიალიზებული ვარიანტით - კოლ-/კულ-ხ- (<*ქოლ-/*ქულ-<*ხულ-/ჰურ-; ხ//ქ მონაცვლეობისათვის შდრ.: ხალდები//ქალდები) ფუძეში.
ხათები - ძვ.წ. XXIII საუკუნიდან ათასი წლის მანძილზე ცენტრალურ ანატოლიაში (მოგვიანო პერიოდების მესხიკეს, კაბადოკიისა და პონტოს ტერიტორიაზე) არსებობდა ძლიერი ხათის სახელმწიფო (სპეციალური ლიტერატურის მიმოხილვისათვის იხ., გრ.გიორგაძე, 2002); შუმერულისა და ხურიტულის მსგავსად ხათური ენა ითვლება ერგატიული კონსტრუქციისა და აგლუტინაციური ტიპის ენად; სპეციალისტთა ვარაუდით, იგი ენათესავება თანამედროვე ქართველურ და აფხაზურ-ადიღეურ ენებს (ქრ. გირბალი, ი.დუნაევსკაია, ვ. ივანოვი). თვლიან, რომ ხათური ყოველდღიური ხმარებიდან გამოვიდა II ათასწლეულის შუა ხანებში (თ.გამყრელიძე); ლოგიკურია, ვიფიქროთ, რომ ხათური, როგორც ოფიციალური ენა, შეცვალა მოსული ინდოევროპული ეთნოსის ენამ - ხეთურმა, მაგრამ ხათური ტომების ენა-კილოები დარჩა ყოველდღიურ გამოყენებაში და გარკვეული ტრანსფორმაციებით შემოგვენახა იბერიულ-კავკასიურ ენების ერთ ნაწილში გარკვეული სიღრმისეული დაფენებების სახით. არ არის გამორიცხული, რომ ხათ- ფუძის ლაბიალიზებული ვარიანტი (ქუთ-) შემონახული იყოს ქუთაისის სახელში: ხათ-/ქათ > ქუთ-.
შენიშვნა: ქართველურისა და ხურიტულის მსგავსად, ქართველურ-ხათური ნათესაური მიმართების კვლევას სერიოზული პერსპექტივა უჩანს (იხ., არნ. ჩიქობავა, 1948; არნ.ჩიქობავა, 1950; შ.გაბესკირია, 2003; შდრ., გრ.გიორგაძე, 2002, გვ.90); მაგ., 2002 წლის მაისში ქართველოლოგთა IV საერთაშორისო სიმპოზიუმზე ("ინტეგრაციისა და დეზინტეგრაციის პროცესები კავკასიაში") წაკითხულ მოხსენებაში "ქართველურ-ანატოლიურ-ეგეოსური ენობრივი პარალელების საკითხისათვის" რობერტ შმიდტ-ბრანტმა ქრ.გირბალის კვალად ხათური წარმომავლობის სიტყვებად მიიჩნია დიდი, წვიმა, პური, ლაპარაკი, სმენა, ცხვარი, შავი, ცუვა - ძუ ("ცოლი") და სხვა; მისი აზრით, ხათური ენა კავშირშია საერთოქართველურ ენასთან. შდრ., ურარტული ღვთაება დიდუანი, ქართვ. დიდი და ხათური დიდი...



ქასქები//ქაშქები და აბეშლაელები - ძვ.წ. XVII-XIII საუკუნეების ხეთურ ლურსმულ წყაროებში, ასევე, ასურულ, ეგვიპტურ უგარიტულ ტექსტებში მოხსენიებულია ხალხი, რომელთა აღმნიშვნელი იყო: ქასქა, ქაშქა, გაშგა, კაშკა, კაშქა, ქაშკა; კაშკაშ (ეგვიპტ.), კაშკაია, კაშკა, კაშკუ (ასურ.); Kტკყმ (უგარიტ.)... ისინი ცხოვრობდნენ ხეთებისგან ჩრდილოეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით, მოგვიანო ხანის ანატოლიაში (პონტოში). მკვლევართა ერთი ნაწილის (გ.მელიქიშვილი, ი.დუნაევსკაია, ი.დიაკონოვი, ა.კამენხუბერი, ვ.არძინბა, გ.ჩირიკბა) აზრით, ქასქების ენა ერთ-ერთი აფხაზურ-ადიღეური ენაა (ტერმინის ფონეტიკური ვარიანტებისა და ლიტერატურის მიმოხილვისათვის იხ. გ.გიორგაძე, 2000); ასურული და ხეთური წყაროების ქაშქებ//ქასქების ერთ-ერთ სახელად (სინონიმად) მიჩნეულია ასურულ ლურსმულ ტექსტებში მოხსენიებული აბეშლაელები. მიუხედავად იმისა, აბეშალა და ქასქა სინონიმებად გამოცხადდება თუ მონათესავე ტომებად (მსჯელობისათვის იხ., გ.ქავთარაძე, 1985, გვ. 125; გ.გიორგაძე, 2002, გვ.113-121), ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შეუძლებელია 40-50 საუკუნის წინანდელი და თანამედროვე ენების ამგვარ ახლო ნათესაობაზე ლაპარაკი; ასეთი მსჯელობა ლინგვისტურ-ისტორიული გულუბრყვილობაა; შდრ., აგრეთვე, მაგ., მ.ქურდიანის აზრით, დაახლოებით 40 საუკუნის წინ არსებობდნენ ზანურენოვანი (?) ხუბუშქიელები; ავტორის ვარაუდით, პარალელურად იყვნენ ქართულენოვანი აბაშებიც, რომელთა სახელიც შემონახულია ტოპონიმ აბაშას სახით (არადა, სწორედ დღევანდელი თუ ისტორიული აბაშელები მეტყველებენ ერთ-ერთ ზანურ დიალექტზე!); მისივე ვარაუდით, ხუბუშქიელები აბაშიდან (?) ერთ-ერთი სამხედრო ექსპედიციის (?) დროს ამიერკავკასიიდან გადასახლდნენ ვანის ტბის მიდამოებში; სალმანასარ III-სთან დამარცხების შემდეგ მათგან მხოლოდ "ქვეყნის სახელი და სამეფო დინასტია (? - ტ.ფ.) დარჩა" (მ.ქურდიანი, 2001, გვ. 130-131)... მ.ქურდიანი ამ დასკვნებს აკეთებს ერთი სიტყვის - ხუბუშქიას - სათუო ეტიმოლოგიის მიხედვით; კერძოდ, მისი აზრით, საერთოქართველურ (რესპ. ქართულ) აბაშ- ფორმისგან წარმოიქმნა ზანური ხუბუშქ- ვარიანტი; ამგვარ ლინგვისტურ ვარჯიშობას არავითარი სხვა დასაბუთება არ ახლავს. უფრო ლოგიკურია აბაშ- ფუძის დაკავშირება აბაზ-და აბეშალ- ფორმებთან (იხ., ქვემოთ)... ივ.ჯავახიშვილის, პ.უშაკოვის და სხვათა აზრით, ქაშქები მერმინდელი კოლხების წინაპრები არიან; გრ.გიორგაძის ვარაუდით, ტომთა გაერთიანებენი ქასქები და აბეშლაელები მეგრულ-ლაზური წარმოშობისანი შეიძლება იყვნენ, რამდენადაც, ეთნონიმ მუშქშიც და მათ სხვა ტოპონიმებშიც, ხშირია სქ//სგ//შქ თანხმოვანთკომპლექსები, რომლებიც ზანურ-სვანური რიგის კომპლექსებია (გრ.გიორგაძე, 2000, გვ.16; გრ.გიორგაძე, 2002, გვ. 121). პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ მოსხ-//მუშქ- ფუძეში, სავარაუდოა, გამოიყოფა -ხ( > ქ) კრებითობის გამომხატავი სუფიქსი, ამდენად, შესაძლოა ქასქ- ფუძეშიც გამოიყოს შეხორცებული უძველესი -ხ//-ქ მორფემა, შესაბამისად, ს-ქ (შ-ქ) იყოს მორფემათა ზღვარი; მეორეც, სქ//შქ კომპლექსი არ იკრძალება არც საერთოქართველურის, არც სამწიგნობრო ქართულის და არც სხვა ქართველური დიალექტების ფონემატური სტრუქტურით; ამდენად, მხოლოდ ამ კომპლექსის მიხედვით მსჯელობა გაჭირდება. უფრო ლოგიკურია ვთქვათ, რომ ხათების მონათესავე ქასქები და აბეშლაელები (შესაძლოა, ხუბუშქიელებიც) წინარექართველურ-კავკასიური ტომთა გაერთიანებების ერთი ნაწილის აღმნიშვნელია, ვინაიდან მათ ლექსიკაში შთამბეჭდავია როგორც ქართველური, ასევე, ჩრდილოკავკასიური ელემენტები. ამ და სხვა წენარექართველურ-კავკასიური ტომებისგან კი მომდევნო ათასწლეულებში ჩამოიძერწნენ ქართველებიც და ჩერქეზებიც (მათ შორის დღევანდელი აფხაზებიც), ვაინახებიც და ლეკებიც... სხვაგვარად ვერ აიხსნება ის ფაქტი, რომ ამ ძველი წინააზიური ენების კვალი ქართველურშიც აშკარაა და სხვა იბერიულ-კავკასიურ (აფხაზურ-ადიღეურ, ვაინახურ, დაღესტნურ) ენებშიც.


მუშქები (მუშქა//მუშქი), მოსხები (მოსოხი//მეშეხი), მესხიკეს მცხოვრებლები - სამეცნიერო ლიტერატურაში საყოველთაოდაა გაზიარებული, რომ ძვ.წ. XII-VII საუკუნეების ასურულ ლურსმულ წყაროებში მოხსენიებული მუშქები, ბიბლიური მოსოქ-//მოსოხ-მეშეხ- სახელწოდებები (შესაქმე, X 2, 22-32), ბერძნულ-რომაული ტექსტების მოსოხები, ძვ. .წ. IV საუკუნეში არსებული (ივ.ჯავახიშვილი, 1908, გვ. 22; ივ.ჯავახიშვილი, 1950, გვ. 18; ნ.ხაზარაძე, 1998, გვ.177; ნ.ხაზარაძე, 2001, გვ. 273) სახელმწიფო მესხიკე - (მოსხების) მესხების ქვეყანა, ქართლის ცხოვრების არიან ქართლი და ქართველთა თანამედროვე ტერმინი მესხეთი ერთმანეთთან ფორმობლივად თუ სემანტიკურ-ტერიტორიულად დაკავშირებული ტერმინებია; კერძოდ, ისინი მიემართება ქართველურ მოდგმას, რომელთა განსახლების ძირითადი ტერიტორია იყო ევფრატისა და ტიგროსის ზემო დინებები და გვიანდელი კაბადოკია-პონტოს ტერიტორია (ანატოლიის ცენტრალური ნაწილი) - მდინარე ჰალისის (კიზილ-ირმაკის) მიმდებარე ტერიტორია, ამიერკავკასიის დიდი ნაწილი; შდრ.: "ფეოდალური ხანის ნომენკლატურით, მოსხების ქვეყანა მოიცავდა: სამცხეს, ჯავახეთს, კლარჯეთს, აჭარას, ეგრისს, სავშეტს, კოლა-არტაანს, ამიერ და იმერ ტაოს, ბასიანს, სპერს, ანუ მთელ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს" (მსჯელობისა და ვრცელი სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვისათვის იხ., ნ.ხაზარაძე, 1984, გვ. 36-70; გრ.გიორგაძე, 1985; გრ.გიორგაძე, 2002). ძვ.წ. XII საუკუნეში ზემო მესოპოტამიაში გამოჩენილი მუშქები ე.კავნიაკმა ისტორიული საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ოლქებიდან ჩამოსულებად მიიჩნია (გ.მელიქიშვილი, 1965, გვ. 22); ნ.ხაზარაძის აზრითაც, `მუშქები, აბეშლაელების მსგავსად, ჩრდილოეთიდან უნდა გავრცელებულიყვნენ სამხრეთისაკენ ხეთების სამეფოს დაცემის შემდეგ (ნ.ხაზარაძე, 2002, გვ. 124); მკვლევარის ვარაუდი ეფუძნება იმას, რომ ხეთურ ლურსმულ ტექსტებში მუშქები საერთოდ არ არიან მოხსენიებული. ჩვენი აზრით, სავსებით დასაშვებია, რომ მუშქთა წინაპრებად ქასქები ან სულაც, ხათები მოვიაზროთ; შესაბამისად, ხეთებისთვის ცნობილი იყვნენ ქასქები; ლოგიკური ჩანს ქაშქების სახელწოდების განიხილვა მუშქუ ეთნონიმთან მიმართებითაც (გრ. გიორგაძისა და ე.ფონ შულერის მოსაზრებების შესახებ იხ., ნ.ხაზარაძე, 2001, გვ.283)... შდრ.: ხეთები ქასქებთან დებდნენ სხვადასხვა ხასიათის ხელშეკრულებებს; ქასქები და ხათები კი მონათესავე ტომებად ითვლებიან! რამდენადაც, არაინდოევროპელი ხათების ტერიტორიაზე ინდოევროპელი ხეთები მოსულები არიან, ლოგიკურია ვარაუდი, რომ ხათების მემკვიდრე ქასქებსა და ხეთებს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო; ამ ყოველივეს გათვალისწინებით, შესაბამისად, სხვაგვარად დადგება ქართველურ ტომთა მიგრაციის საკითხიც (ჩვენი თვალსაზრისი ემყარება ს.ჯანაშიას კონცეფციას; ამის შესახებ, იხ. ქვემოთ).
შენიშვნა: კ.ფ.ლემან-ჰაუპტი ფიქრობდა, რომ ქართველები საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდნენ ჩრდილო მესოპოტამიიდან მოსული კარდუხების (ისტორიული გორდუენეს - კორდუქის მკვიდრების) და წინა აზიიდან მოსული მესხების შერწყმის შედეგად (ვიმოწმებთ გ. მელიქიშვილის მიხედვით; გ.მელიქიშვილი, 1965, გვ.19-20)
ბერძნულ წყაროებში მოსხების ტომი პირველად ნახსენებია ძვ.წ. VI ს. ბერძენი მწერლის ჰეკატიოს მილეტელის მიერ; მისი მოწმობით მოსხები კოლხური ტომია; ისინი ცხოვრობდნენ მატიენების (მითანის) მეზობლად - მესოპოტამიის ჩრდილოეთით ანდა მცირე აზიის ჩრდილი-აღმისავლეთით (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 43-44). ჰეროდოტეს (ძვ.წ. V) მიხედვით, მოსხები კოლხებთან, სასპეირებთან, ხალიბებთან (ქალიბებთან), მაკრონებთან, ტიბარენებთან, მოსინოიკებთან და მარებთან ერთად ცხოვრობდნენ მცირე აზიის ჩრდილოეთით შავი ზღვის აღმოსავლეთ თუ სამხრეთ სანაპიროზე სპარსეთის მეფე დარიოსის I (ძვ.წ. 524-485) დროს (იხ. ჰეროდოტე, 1976, გვ.634; თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.47, 660). სტრაბონის (ძვ.წ. 64 - ახ.წ. 24) მიხედვით, მოსხები ცხოვრობენ კოლხების გვერდით შავი ზღვის სანაპიროზე ჰენიოხებისა და კერკეტების სამხრეთით; სტრაბონისვე ცნობით, ადრინდელი მოსხური ქვეყანის (ივარაუდება ძვ.წ. IV საუკუნეში არსებული მოსხიკე? ალბათ, უფრო მუშქების საცხოვრისი - ტ.ფ.) ერთი ნაწილი აქვთ კოლხებს, მეორე - იბერებს და მესამე - არმენიელებს (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.140-145). იოსებ ფლავიოსის აზრით (39-95) მოსოხენები დაფუძნებულნი არიან მოსოხის მიერ და "ახლა მათ კაბადოკიელები ეწოდათ; კაბადოკიელთა ეს ძველი სახელი შემორჩენილია მათი დედაქალაქის სახელად, რომელიც არის მაზახა" (იოსებ ფლავიოსი, 1987, გვ. 103); ევსტათი ანტიოქელთან (280-360 წ.წ.) კაბადოკიელთა წინაპრებად დასახელებულია მესხენები, მათ ეთნარქად კი - ოსოხი (გეორგიკა, 1961, გვ. 34). ორი საუკუნის შემდეგ კი პროკოპი კესარიელი მესხთა (მესხოი) საცხოვრისად მიიჩნევს იბერიის გასწვრივ არსებულ მთებს (გეორგიკა, 1965, გვ.127). სტეფანე ბიზანტიელთან (IV-VII) დადასტურებულია ეთნონიმი მოსხი; იგი მიჰყვება რა სტრაბონს, მოსხებს ასახელებს კერკეტების ზემოთ (ე.ი. სამხრეთით - ტ.ფ.). XI საუკუნის მოღვაწე ლეონ გრამატიკოსი უცვლელად იმეორებს წინა თაობების მოსაზრებებს და იაფეტის შვილად მიჩნეულ მესხოსგან მომდინარედ მიიჩნევს მესხებს, რომელთაც ახლა კაბადოკიელები ეწოდებათო...(გეორგიკა, 1963, გვ.3-4)... მოსხ-//მესეხ-//მესხ- ტერმინთან დაკავშირებით საინტერესოა ჩრდილო-კავკასიურ ენათა მონაცემები: პ.უსლარისა და ა.დირის ცნობებით დაღესტნურ ენათა სამყაროში ქართველების აღსანიშნავად იყენებენ ტერმინს - მოსოქი//მუსექი; იგი მიემართება, აგრეთვე, წოვა-თუშებსაც (გ.ბურჭულაძე, ბ.შავხელიშვილი, 1993, გვ.325). შდრ., აგრეთვე: მეს-ხ- > ვესკ > ბასკ-; მსჯეკობისათვის იხ., ი.ზიცარი, 1998)ვარაუდებენ, რომ მესხ-, მოსხ- მუსხ- ფუძეები ქართველური დიალექტური ვარიანტებია; მათთვის ამოსავალი შეიძლება იყოს *მას- ძირი (შდრ., მასის მთა - არარატის ძველი სახელი), ხოლო -ხ- იყოს ხურიტულ-ურარტულ-კავკასიური სუფიქსი (საკითხის მიმოხილვისათვის იხ., რ.აბაშია, 2001), რომელიც კრებითობა-წარმომავლობას გამოხატავს: *მას-ხ-.
ჩვენი აზრით, *მას-ხ- მართლაც შეიძლება იყოს ამოსავალი ფორმა, მაგრამ წარმოდგენილი ფორმები ისევე ვერ მიიჩნევა ქართველურ დიალექტურ (ზანურ-სვანურ-საერთოქართველურ) ვარიანტებად, როგორც, მაგ., სხვადასხვა ძველ ენაში დადასტურებული თარგამოსი// თოგარმა// თორგომა //თეგერამა //თილგარიმუ, არარატი //ურარტუ და სხვა პარალელური ფორმები; ამ რიგის მასალა ისე ძველია, რომ სათავე წინარექართველურ-კავკასიურ პერიოდსა და სხვადასხვა მსესხებელი ენის ფონემატურ თავისებურებებში უნდა ვეძიოთ (შდრ., ივ.ჯავახიშვილი, 1960, გვ.401-402; გ.თოფურია, 1970, გვ. 120; მ.ქურდიანი, 2000, გვ.189; ნ.ხაზარაძე, 2001, გვ. 285 და სხვ.).
ვფიქრობთ, სადავო არ უნდა იყოს, რომ მოსხები//მესხები ერთერთი ძველი ქართველური ტომის სახელია, რომელიც მეზობელ თუ არამეზობელ სახელმწიფოთაგან ისტორიის ერთ მონაკვეთში განზოგადებული იყო "ყოველთა ქართველთა" სახელად.
 


დაიანელები //.დიაუხელები //ტაოხები - ძვ. წ. XII-VIII საუკუნეების ასურულ და ურარტულ ლურსმულ ტექსტებში ფიქსირდება დაიაენის ქვეყანა; მკვლევარები ამ სახელწოდებას უკავშირებენ ურარტული ლურსმული ტექსტების დიაუხ-ს, ბერძნული წყაროების ტაოხოი-ს, ძველი სომხური წყაროების ტაიქ-ს და ისტორიული საქართველოს ერთი კუთხეს - ტაო-ს (ლიტერატურის მიმოხილვისათვის იხ., გრ.გიორგაძე, 2002); ვარაუდობენ, რომ ეს იყო ძლიერი ქართველური ტომი, რომლის მეფე სენზე გამარჯვებითაც საგანგებოდ ბაქიობდა ასურეთის მეფე ტიგლათფალასარ I (1115-1077). დაიანელები//ტაოხები//ტაოელები ცხოვრობდნენ ევფრატის სათავეებიდან შავ ზღვამდე რეგიონში. ბერძნულ-ბიზანტიურ წყაროებში ტაოხები პირველად ფიქსირდებიან ქსენოფონტესტან (ძვ. წ. V_IV ს.); ტაოხები, რომლებიც ცხოვრობენ მერმინდელ ოლთისის ოლქში, სპარსეთის მეფეს არ ემორჩილებიან და ხალიბებთან ერთად სპარსელი სატრაპის ტირიბაძის მოქირავნეები არიან (თ. ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 52). ტაოხების საცხოვრისი და ქართველური ეთნიურობა ეჭვს არ იწვევს; მოგვიანებითაც, მაგ., სტაფანე ბიზანტიელიც (IV-VII ს.) ტაოხებს შიდა პონტოში მოსახლე ტომად თვლის; მისი ცნობით, "ზოგიერთები მათ ტაოელებსაც ეძახიან, როგორც ამბობს სოფაინეტე თავის "ანაბაზისში" (გეორგიკა, 1936, გვ. 284). ვარაუდობენ, რომ დაიაენი შეიძლება იყოს იგივე აია - აიეტის ქვეყანა; -ეტ- სუფიქსი ბერძნულში წარმომავლობა-კუთვნილობითობის მაწარმოებელია; "არგონავტების უძველეს ვერსიებში, ქვეყანა სადაც არგონავტებმა ილაშქრეს, იყო აია; უფრო გვიან ამ ქვეყანას კოლხიდად მოიხსენიებენ" (ო.ლორთქიფანიძე, 1986, გვ.32).
შენიშვნა: დიოდორე სიცილიელი (ძვ.წ. I ს.), რომელიც ქსენოფონტეს მიჰყვება, ტაოხების ნაცვლად ახსენებს ხაებს: კარდუხები, არმენიელები, ხაები (ე.ი. ტაოხები), ფასიანები, ხალდები, სკოტინები, მაკრონები, კოლხები, მოტვინოიკები, ტიბარენები (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.124); შდრ., ჰეკატა~ოს მილეტელი (ძვ.წ. 549-472) მოსხებსა და ბექე~რებს შორის ასახელებს ხო~ებს; რიზეს მახლობლად მცხოვრებ ხო~ებს ჩვეულებრივ ტაოხო~ს შერყვნილ ფორმად მიიჩნევენ, მაგრამ ს. ყაუხჩიშვილის აზრით, მათი საცხოვრისი იმდენადაა დაშორებული ტაოხების საცხოვრისს, რომ ხო~ებისა და ტაოხების იდენტიფიკაცია გაჭირდება (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 44)

კოლხები - ძვ. წ. XII-VIII საუკუნეების ასურულ და ურარტულ ლურსმულ ტექსტებში დადასტურებულია კილხი და კულხა//კოლხა გეოგრაფიული ტერმინები, რომლებიც გაიგივებულია ბერძნულ-რომაული წყაროების კოლხოი და კოლხის სახელწოდებებთან; სამეცნიერო ლიტერატურაში გაზიარებულია ნ.მარის გამოთქმული აზრი, რომ კოლხთა უძველესი პოლიტიკური გაერთიანება ძვ.წ. II ათასწლეულის დასასრულს და I ათასწლეულის დასაწყისში (ძვ.წ. VII ს. 20-იან წლებამდე) დოკუმენტურად დასტურდება სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, ცენტრით ჭოროხის ხეობაში; VIII-VII საუკუნეებიდან მისი ცენტრი გადადის დასავლეთ საქართველოში - რიონისპირეთში (გ.მელიქიშვილი, თ.მიქელაძე, ნ.ლომოური, მ.ინაძე; მსჯელობისათვის იხ., აგრეთვე: ო.ლორთქიფანიძე, 1986, გვ. 68-69); შდრ., ო.ლორთქიფანიძე, 1986, გვ. 4: "არგონავტების ოქროს საწმისისათვის ლაშქრობის შესახებ ბერძნული თქმულება მჭიდროდაა დაკავშირებული ჩვენ ქვეყანასთან - ძველ კოლხეთთან, რომელიც დღევანდელ დასავლეთ საქართველოს მიწა-წყალს მოიცავდა..."; აკ. ურუშაძის და სხვათა ვარაუდით, თავდაპირველად, ბერძნები, კოლხეთში მთელ ქართველურ სამყაროს გულისხმობდნენ (აკ.ურუშაძე, 1964, გვ. 6); თანამედროვე არქეოლოგიური მონაცემები ცხადყოფს ამ აზრის სისწორეს (იხ. ქვემოთ, I თავი); აშკარაა, რომ ძველი კოლხეთი მხოლოდ დღევანდელ დასავლეთ საქართველოს არ შეესაბამება; კოლხეთის გაცილებით დიდი ტერიტორია (მტკვრს ზემო წელისა და ჭოროხის ხეობები) დღეს თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშია მოქცეული.
ბერძნულ წყაროებში ტერმინი `კოლხიდა გაია" პირველად ჩნდება ძვ.წ. VIII საუკუნის პოეტთან ევმელიოს კორინთელთან (არსებული მდიდარი ლიტერატურის მიმოხილვა იხ., გ.მელიქიშვილი, 1965; ნ.ლომოური, 1962; შ.ასათიანი, 1993; მ.ინაძე, 1993). ფსევდო-სკილაქსის აზრით, კოლხებით დასახლებული ტერიტორია ვრცელდება დიოსკურიიდან მდინარე აფსარისამდე ე.ი. სოხუმიდან ჭოროხამდე (თ.ყაუჩიშვილი, 1976, გვ. 84)... ფსევდო-სკილაქსის ცნობებს იმეორებს სკოლაქს კარიანდელი (ძვ.წ. VI-V ს.). ჰეროდოტე ამტკიცებდა რომ კოლხები ეგვიპტიდან იყვნენ წამოსული; მისი აზრით, სამხრეთის (მეწამ&